ფინანსები
29/09/2021

"რისკები სრულად არ არის ამოწურული" - სებ-ი სექტორს კაპიტალის ბუფერების შენარჩუნებისკენ მოუწოდებს

ეროვნული ბანკი ბანკებს მოუწოდებს მაქსიმალურად შეინარჩუნონ კაპიტალის ბუფერები, - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი „ბიზნესპარტნიორის“ კითხვას: იზიარებს თუ არა სებ-ი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მოსაზრებას, რომ ბანკებმა თავი უნდა შეიკავონ მოგების განაწილებისგან და არის თუ არა ჯერ კიდევ რისკები სექტორში.

პაპუნა ლეჟავამ განმარტა, რომ სებ-ი იზიარებს IMF-ის მოსაზრებას და კოვიდპანდემიის ეფექტი ჯერჯერობით სრულად არ არის ამოწურული. 

"რისკები კვლავ რჩება, შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებდით და ახლაც მოვუწოდებთ ბანკებს, მაქსიმალურად შეინარჩუნონ კაპიტალის ბუფერი შესაძლო რისკების გადასაფარად. ასევე აღსანიშნავია, რომ დღეისათვის კაპიტალის ბუფერები საკმაოდ კარგად არის აღდგენილი, რასაც ხელი შუწყო ეკონომიკის გაჯანსაღებამ და ბანკების მომგებიანობის ზრდამ. რამდენიმე ბანკმა ჩვენ დაწესებულ ვადაზე ადრე აღადგინა კაპიტალის მოთხოვნები, თუმცა ამის შესაძლებლობა ბანკებს მათმა ფინანსურმა მდგომარეობამ მისცა", - განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

პაპუნა ლეჟავამ აღნიშნა, რომ 2020 წლის განმავლობაში სექტორმა სებ-ის ინსტრუქციის შესაბამისად სრულად შეზღუდა და გააუქმა დივიდენდების გაცემა, ბანკები 2021 წელსაც სიფრთხილით ეკიდებიან ამ საკითხებს. რაც შეეხება ორი მსხვილი ბანკის მიერ მირებულ გადაწყვეტილებას დივიდენდების გაცემასთან დაკავშირებით, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნშნა, რომ ეს არის ნახევარწლიური დივიდენდი, მოცულობით ცოტაა და კაპიტალის ოთხოვნებს ნაკლებად "დააწვება".

სებ-ის მოლოდინით, კრიზისამდელ კაპიტალის ადეკვატურობის ბუფერებს ფინანსური სექტორი 2022 წლის განმავლობაში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ IMF-მა ეროვნულ ბანკს მოუწოდა, რომ წაახალისონ ბანკები მოგების განაწილებისგან თავშეკავების მიზნით, ვიდრე პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობები არ მინელდება. აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე ორმა მსხვილმა თიბისი ბანკმა და საქართველოს ბანკმა დივიდენდები უკვე გასცა.