რა ელის ლარს - დავით გონდაურის პროგნოზი
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი დავით გონდაური „ბიზნესპარტნიორთან“ ლარის კურსის მოსალოდნელ ტენდენციებზე და შედეგებზე საუბრობს. მისი განმარტებით, 3 კვირიანი გამყარების შემდეგ, ლარის მცირედით გაუფასურება უმნიშვნელოა.
მისი განცხადებით,ბოლო კვირების განმავლობაში გამყარებული ლარი სამომხმარებლო ფასებზე აისახება, თუმცა, არა მყისიერად.
„ზოგადად ინფლაციასა და გაცვლით კურსს შორის ცალსახა კავშირი არარსებობს. რა თქმა უნდა, გაცვლითი კურსის ცვლილება ინფლაციის ერთერთი განმსაზღვრელი ფაქტორია, თუმცა ის არც ერთადერთ და, არც ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს არ წარმოადგენს. ინფლაცია უფრო მეტად დამოკიდებულია ერთობლივ მოთხოვნაზე და, რა თქმა უნდა, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, ეროვნული ბანკი მხოლოდ მაშინ ახდენს რეაგირებას გაცვლითი კურსის გაუფასურებაზე, როდესაც ის ფინანსური დოლარიზაციის ან/და გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების შედეგად მონეტარული პოლიტიკის მიზნების მიღწევას უქმნის საფრთხეს,”-აცხადებს გონდაური.
რაც შეეხება იმას, თუ რა ამყარებს ეროვნულ ვალუტას, გონდაური აცხადებს, რომ ზოგადად, გრძლვადიან პერიოდში ვალუტის კურსის ცვლილება უკავშირდება ფასების დონეს და ეკონომიკურ ზრდას. კურსის ცვლილება მრავალი ფაქტორით შეიძლება აიხსნას, მათ შორის არის ე.წ. ფუნდამენტური ფაქტორები და სპეკულაციური შეტევა ლარის კურსზე.
“როდესაც თითოეული ჩვენგანი მიდის ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში და ყიდულობს (ან ყიდის) აშშ დოლარს მხოლოდ იმიტომ, რომ ხვალ გაუფასურებას (ან გამყარებას) ელოდება, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. შესაბამისად, სპეკულაციური შეტევა ძლიერდება მაშინ, როდესაც ფინანსურ ბაზარზე ჩნდება მოლოდინი, რომ ახლო მომავალში ადგილობრივი ვალუტა მნიშვნელოვნად გაუფასურდება (ან გამყარდება). უნდა აღინიშნოს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლართან დაკავშირებით, მსგავსი პროცესები არ შეიმჩნევა. გამომდინარე აქედან, ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით, საქმე გვაქვს ფუნდამენტურ ფაქტორებთან. მათ შორის, ბოლო პერიოდში ლარის კურსი გამყარდა იმიტომ, რომ გაიზარდა ფულადი ტრასფერები, გაიხსნა საზღვრები, ეკონომიკა და ქვეყანაში შემოდიდნენ ტურისტები. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ექსპორტ-იმპორტის საკითხი. ბოლო პერიოდში, ექსპორტი საკმაოდ სწრაფი ტემპით იზრდებოდა, ვიდრე იმპორტი,“-აცხადებს გონდაური.
მისივე განმარტებით, ლარის მეტ-ნაკლებად გამყარება ასევე გამოიწვია საგარეო ვაჭრობაში არსებულმა ტენდენციებმა.კერძოდ,2021 წლის სექტემბრის თვიდან მოყოლებული როგორც წინა თვესთან, ასევე წინა წლის შესაბამის პერიოდთან გაუმჯობესებულია ექსპორტი, სექტემბერი-დეკემბერის პერიოდში ყოველი წინა თვის მონაცემებთან შედარებით ექსპორტის საშუალო ზრდამ შეადგინა 5,92%, ხოლო, თუ აღნიშნული პერიოდის შედარებას მოვახდენთ 2020 წლის ანალოგიასთან, აქ ზრდა არის საშუალოდ 28,97%.
გონდაურის განცხადებით, 2021 წლის სექტემბერი-დეკემბერის პერიოდში ყოველი წინა თვის მონაცემებთან შედარებით იმპორტის საშუალო ზრდამ შეადგინა 4,72%, ხოლო, თუ აღნიშნული პერიოდის შედარებას მოვახდენთ 2020 წლის ანალოგიასთან, აქ ზრდა არის საშუალოდ 30,8%.
ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთი ძირითად მიზეზი ფულადი გზავნილებია. როგორც გონდაური აცხადებს, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მთავარ წყაროს ქართველი ემიგრანტების მიერ განხორციელებული ფულადი გზავნილები წარმოადგენს. 2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 229.5 მლნ აშშ დოლარი (711.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 14.9%-ით (29.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
რაც შეეხება ნოემბერს, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 207.3 მლნ აშშ დოლარი (650.5 მლნ ლარი). გამომდინარე აქედან დეკემბერში 10,71%-ით მეტი უცხოური ვალუტა გადმოირიცხა ქვეყანაში, ვიდრე ნოემბერში.
ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი დავით გონდაური განმარტავს,რომ ლარის გამყარებაში ერთ-ერთი მნიშნელოვანი როლი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს და რეფინანსირების სესხებს აქვს.
“მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკაზე გავლენას ეტაპობრივად ახდენს და მისი ეფექტი სრულად 4-6 კვარტალში რეალიზდება. 2021 წლის განმავლობაში განაკეთი 8%-დან 10,5%-მდე გაიზარდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით 2022 წლის 2 თებერვლის მდგომარეობით განაკვეთი შეადგენს 10,5%-ს. ეროვნული ბანკის გამკაცრებულმა პოლიტიკამ და გაძვირებულმა ფულმაც შედეგი გამოიღო. 2021 წლის დასაწყისიდან რეფინანსირების სესხების მოცულობამ მკვეთრად იკლო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მისი მოცულობა თითქმის ერთი მილიარდი ლარით შემცირდა - 2,63 მილიარდი ლარიდან 1,64 მილიარდ ლარამდე,“-აცხადებს გონდაური.
რაც შეეხება იმას, თუ რა ელის ლარს 2022 წელს, გონდაური განმარტავს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი იქნება მთავრობის ფისკალური პოლიტიკა, ანუ ხარჯვითი ნაწილი და ასევე, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა. ორივე, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა იქონიებს გავლენას ლარის კურსზე.
მისივე განცხადებით, ლარის სამომავლო დინამიკა დამოკიდებულია ეროვნულ ბანკსა და მის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებზე. რაც შეეხება ლარის კურსის პროგნოზირებას, ეს ძალიან რთულია, მით უფრო ისეთი ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, სადაც თავისუფალი გაცვლითი კურსი მოქმედებს.
შეგახსენებთ, ეროვნული ვალუტა 3 კვირა მყარდებოდა, თუმცა, ლარი ორი დღეა უფასურდება. 10 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9544 ლარი შეადგინა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -2.13 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.3801 ლარია. ევროს ცვლილებამ 2.55 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.2180 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.0079 ლარი ეღირება.