"პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პოლიტიკით მოქალაქეები გამოწვევებს ნაკლები ვალით შეხვდნენ"
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, ფინანსური სისტემა პანდემიით გამოწვეულ სიძნელეებს უმკლავდება.
“უფრო მეტიც, ის აფინანსებს ეკონომიკას და არის ლოკომოტივი, რომელმაც ეკონომიკა უნდა გამოიყვანოს დღევანდელი სიტუაციიდან.
ფინანსური სტაბილურობის ხელშესაწყობად ბევრი რამ განვახორციელეთ აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად. ვახორციელებთ მაკრო და მიკროპროდენციულ პოლიტიკას. ამ პოლიტიკის ერთობლივი მიზანია, ფინანსური სისტემის უსაფრთხო და ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობა, რაც მაკროპროდენციული პოლიტიკის შემთხვევაში გულისხმობს სისტემური რისკების დაგროვების თავიდან აცილებას, კრიზისის ალბათობის შემცირებას და მთლიანად ფინანსური სისტემის სტაბილურობის შენარჩუნებას. ხოლო როდესაც მიკროპროდენციულ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ, ეს მოიაზრებს ინდივიდუალური ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ხელშეწყობას“,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკის შედეგად მოქალაქეები დღევანდელ გამოწვევებს ნაკლები ვალით შეხვდნენ.
“ეროვნულმა ბანკმა ფიზიკური პირების დაკრედიტების შესახებ დებულება მიიღო, რამაც საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, იქიდან გამომდინარე, თითქოს ეს ხელს უშლიდა მოსახლეობას რომ სესხები აეღოთ, რაც რა თქმა უნდა სწორი არ იყო. ამის მიზანი საფინანსო სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა იყო, აგრეთვე იმის ხელშეწყობა, რომ უფრო ჯანსაღი დაკრედიტება წახალისებულიყო და არა ისეთი, როდესაც მსესხებელი იღებდა სესხს, მაგრამ ვეღარ ახერხებდა მის გადახდას. პასუხსიმგებლიანი დაკრედიტების პრინციპის ამოქმედების შემდეგ არ შემცირებულა ხელმისაწვდოობა სესხებზე, პორტფელის ხარისხი უფრო გაუმჯობესდა, მსხესხებლები უფრო ინფორმირებულები არიან იმაზე, რა სახის სესხების აღება შეუძლიათ, იმისათვის, რომ მათ პოტენციურად საფრთხე არ შეექმნათ მომავალში, სხვადასხვა შოკების შემთხვევაში.
პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოს დანერგვის შედეგად დღევანდელ გამოწვევებს მოქალაქეები უფრო ნაკლები ვალით ხვდებიან, ვიდრე სხვა შემთხვევაში შეხვდებოდნენ და უკეთესად შეუძლიათ გაუმკლავდნენ ამ სირთულეებს“,- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის და აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად 2016 წელთან შედარებით, 100 000-ით არის შემცირებული უცხოური ვალუტის მსესხებელთა რაოდენობა.
“ეს მნიშვნელოვანია, რადგან მოგეხსენებათ რომ შოკების წინასწარმეტყველება შეუძლებელია, მაგრამ როდესაც შოკი ხდება, სისტემამ უნდა შეძლოს გამკლავება ამ შოკთან. სისტემა ვერ შეძლებს გამკლავებას, თუ მსესხებლები ვერ შეძლებენ გამკლავებას ამ შოკთან,“ - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.