ფინანსები
17/12/2021

პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. პროექტი პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა წარადგინა. 

2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 19.1 მლრდ ლარით განისაზღვრა. რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი, 6%-ს შეადგენს. 

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლის ბოლოსთვის ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა 65 მლრდ ლარს მიუახლოვდება. ხოლო, ერთ სულ მოსახლეზე მშპ 5 600 დოლარზე მეტი იქნება. 

2022 წლის ბოლოს მთავრობის ვალი მშპ-სთან მიმართებაში იქნება 51.1%. დეფიციტი 4.2%-ზეა დაგეგმილი. 

სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად 4.5 მლრდ ლარია გამოყოფილი. 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 70 წლამდე პენსიონერებს 20 ლარით გაეზრდებათ პენსია და 260 ლარს შეადგენს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიონერების პენსია 312 ლარი იქნება. 

70 წლის და ზემოთ პენსიონერებს კი, 25 ლარით გაეზრდებათ და მათი პენსია 300 ლარს შეადგენს. ამ ასაკობრივ ჯგუფში, მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პენსიოერების პენსია 360 ლარი იქნება. 

მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალური დახმარება იზრდება 25 ლარით; ომში მონაწილე ვეტერანთა 22/44 ლარიანი დახმარება იზრდება 100 ლარამდე; ბავშვთა ზრუნვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 52 მილიონ ლარს; მაღალმთიან დასახლებებში დაწესებული სხვადასხვა სოციალური პროგრამებისთვის გამოყოფილია 75 მილიონი ლარი; საპენსიო სქემაში სახელმწიფოს ვალდებულებების დასაფინანსებლად მიიმართება 260 მილიონი ლარი. მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების მოცულობა შეადგენს 280 მილიონ ლარს.

2022 წელს ეკონომიკის ხელშეწყობის პროგრამებზე, ჯამში, გამოყოფილია 557 მილიონი ლარი. 

სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით, ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გამოყოფილია 262 მილიონი ლარი, საიდანაც: 

  • შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სექტორში გაცემული სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე მიიმართება 121 მილიონი ლარი;
  • გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსება შეადგენს 18 მილიონ ლარს; 
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსებისთვის გამოყოფილია 45 მილიონი ლარი; 
  • მრავალწლოვანი კულტურების გაშენების თანადაფინანსებაზე მიიმართება 27 მილიონი ლარი; 
  • აგროდაზღვევის დაფინანსებაზე გათვალისწინებულია 12 მილიონი ლარი; 
  • სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის სხვა პროგრამების დაფინანსება შეადგენს 39 მილიონ ლარს.

ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე მიიმართება 270 მილიონი ლარი, მათ შორის: 

  • სესხის სუბსიდირება და საგრანტო თანადაფინანსება - 118 მილიონი ლარი;
  • საკრედიტო-საგარანტიო სქემა - 120 მილიონი ლარი;
  • მცირე გრანტები და სხვა პროგრამები - 32 მლნ ლარი;
  • ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობის კუთხით, გამოყოფილია 29 მილიონი ლარი, რომელიც მიიმართება, როგორც საგრანტო დაფინანსებისთვის, ასევე IT სპეციალისტების გადამზადებაში. 

2022 წელს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 5.9 მლრდ ლარი, მათ შორის: მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებულია 2.1 მლრდ ლარი, საიდანაც:

  • 506 მილიონი ლარის პროექტები დაფინანსდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ; 
  • 300 მილიონი ლარის პროექტები დაფინანსება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან;
  • 130 მილიონი ლარია გათვალისწინებული ევროკავშირთან საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში საპილოტე რეგიონებში დაგეგმილი პროექტების დასაფინანსებლად;
  • 240 მლნ ლარის პროექტები ფინანსდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების გამოყოფილი კრედიტების ფარგლებში;
  • 1 მილიარდ ლარამდე ღირებულების პროექტები დაფინანსდება მუნიციპალიტეტების შემოსავლების ფარგლებში; 
  • საგზაო ინფრასტრუქტურაზე გათვალისწინებულია მილიარდ 853 მილიონი ლარი, მათ შორის, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობაზე მიიმართება მილიარდ 187 მილიონი ლარი;
  • წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე გამოყოფილია 415 მილიონი ლარი;
  •  საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 305 მილიონი ლარი; 
  • მთის კურორტების განვითარებისთვის გამოყოფილია 270 მლნ ლარი; 
  • ენერგოინფრასტრუქტურაზე, ჯამში, მიიმართება 150 მილიონი ლარი, მათ შორის, 70 მილიონი ლარი გათვალისწინებულია გაზიფიცირების სამუშაოებისათვის.

2022 წელს საჯარო სექტორში 10%-იანი ხელფასის ზრდა იგეგმება. 

ჯანდაცვის მიმართულებით, 1.8 მლრდ ლარია გამოყოფილი. აქედან, COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტი 500 მლნ ლარს შეადგენს. დიაბეტის მართვის ბიუჯეტი 27 მლნ ლარით განისაზღვრა, ამ თანხაში გათვალისწინებულია დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის უკონტაქტო გლუკომეტრების შეძენა. აგრეთვე, 2022 წელს იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას
დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის პროგრამა დაფინანსდება, რომლის ბიუჯეტიც 25 მლნ ლარით განისაზღვრა. ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამის ასიგნება განსაზღვრულია 5 ლარის ოდენობით.