ფინანსები
01/03/2021

პაატა ღაძაძე: გეგმიურ ამბულატორიულ სერვისებზე მოთხოვნა 15-18%-ით შემცირდა

სადაზღვევო კომპანია „თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ სადაზღვევო სექტორზე პანდემია ნაკლებად აისახა. ზოგიერთ ნაწილში პოზიტიური გავლენაც კი ჰქონდა.

მისი განცხადებით, პირველი ლოქდაუნის დროს, როდესაც ავტომანქანების ნაწილში მობილობა შემცირებული იყო, შემცირდა ზარალიანობის მაჩვენებელი.

რაც შეეხება სამედიცინო მიმართულებას, აქ არაკოვიდით გამოწვეული მიმართვიანობა შემცირებული იყო, თუმცა, კოვიდის ირიბი ეფექტები იყო სიცოცხლის დაზღვევის ნაწილზე.

“მნიშვნელოვანი ზრდაა ზარალიანობის ნაწილში, ასევე მსესხებლებზე, რომლებიც დაზარალდნენ. თუმცა, ჯამში იყო უარყოფითი გავლენა იმ თვალსაზრისით, რომ ბიზნესებსაც და ფიზიკურ პირებსაც შეუმცირდათ შემოსავლები, ზოგიერთმა საერთოდ უარი თქვა დაზღვევის გაგრძელებაზე, ზოგიერთმა კი ბიუჯეტი შეამცირა და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, „თიბისი დაზღვევას“ მაინც ზრდა ჰქონდა დამატებითი მომხმარებლების შეძენის თვალსაზრისით,“ - აცხადებს ღაძაძე.

მისივე ინფორმაციით, პანდემიის პერიოდში არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც კომპანიებმა უარი თქვეს თანამშრომლების დაზღვევაზე. როგორც ღაძაძე აცხადებს, პირველ რიგში ეს შეეხო საშუალო ზომის ბიზნესებს, მათ შორის სასტუმროებს, თუმცა, ამას პორტფელზე დიდი გავლენა არ მოუხდენია.

„ყველაზე დიდი გავლენა სამედიცინო ნაწილში იყო ის, რომ საშუალო და მსხვილმა კომპანიებმა მოინდომეს ბიუჯეტური პაკეტების შეძენა. ეს კი ამ წლის ბიუჯეტებზე უფრო იგრძნობა,“ - აცხადებს ღაძაძე.

რაც შეეხება სადაზღვევო სექტორის მოლოდინებს, „თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ სამედიცინო დაზღვევის ნაწილში ეს პოზიტიური არ არის, თუმცა, უახლოეს პერიოდში გამოსწორება უნდა დაეტყოს როგორც საცალო, ისე საშუალო ბიზნესის ნაწილს.

კითხვაზე, ხომ არ შეიცვალა ტენდენციები პანდემიის დროს, ანუ, ხალხმა ხომ არ დაიწყო მაგალითად, გეგმიური სამედიცინო მომსახურებების გადადება, ან ხომ არ შემცირდა ჯანმრთელობის გარდა, სხვა სერვისებზე მოთხოვნა, ღაძაძე აცხადებს, რომ კორპორატიული სიცოცხლის დაზღვევასა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევის პაკეტებზე  მოთხოვნა გაჩნდა.

„ასევე მოითხოვებოდა პანდემიური ტიპის მკურნალობის ხარჯების დაფარვა, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ეს შესაძლებელია (ფასზეა დამოკიდებული) და ზოგიერთ შემთხვევაში - არა,“ - აცხადებს ღაძაძე.

როგორც „თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, პანდემიის პერიოდში მოხდა სამედიცინო მომსახურებების გადადება. საუბარია, გეგმიურ ჰოსპიტალურ მომსახურებაზე. თუმცა, დაზღვევის ხარჯების სტრუქტურაში, ეს მიმართულება დიდი წილით არ გამოირჩევა. უფრო დიდი პროცენტი მედიკამენტებზე და ამბულატორიულ მომსახურებაზე მოდის. როგორც ღაძაძე აცხადებს, ამ ნაწილში გაიზარდა ფასები, რამაც ავტომატურად გაზარდა წნეხიც.

ასევე შეიცვალა ადამიანების ქცევა გეგმიური ამბულატორიული სერვისების მიღებაში. გაიზარდა ლაბორატორიული ტესტების(მათ შორის, კომპლექსური) ჩატარებაზე მოთხოვნაც. ზოგადად, კი გეგმიურ ამბულატორიულ სერვისებზე მოთხოვნა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  15-18%-ითაა შემცირებული.

შეგახსენებთ, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური, სადაზღვევო კომპანიების 2020 წლის ფინანსურ შედეგებს უახლოს მომავალში გამოაქვყნებს. 2020 წლის 9 თვის მონაცემებით კი ინდუსტრიამ 513,4 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 976,9 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 282,7 მილიონ ლარს.

2020 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, 17 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.