ნათია ჯანელიძე: თუ გუნდური მოთამაშე ვერ იქნები, პროცესებს სათანადოდ ვერ მართავ
გადაცემა "ბიზნესპარტნიორი" აგრძელებს რუბრიკას "დილიდან საქმეში". ამჯერად გადაცემის სტუმარი Gazelle Finance-ის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია ჯანელიძეა.
- როგორია ნათია ჯანელიძის საქმიანი დილა?
ჩემი დილა ძალიან ადრე იწყება, დაახლოებით 7 საათზე. გარდა მრავალი პოზიციისა, რომელიც Gazelle Finance-სთან მაქვს შეთავსებული, ასევე უმნიშვნელოვანესი პოზიცია მიჭირავს, რასაც დედა ჰქვია. შესაბამისად, დილა იწყება ოჯახთან, ბავშვების მომზადებით, რომ სკოლაში წავიდნენ და შემდეგ სამსახურში მოვდივარ. მუშაობას დაახლოებით 9 საათზე ვიწყებ და ვფიქრობ, რომ ადრე დაწყებული საქმე, საქმის ნახევარია.
- როგორ ახერხებს ნათია ჯანელიძე, რომ ყველაფერი დაალაგოს, პასუხისმგებლობა ყველგან იგრძნოს და ხარისხი არ დააგდოს?
ამაზეც მუშაობა დამჭირდა, რადგან როდესაც პასუხისმგებლობები და პოზიცია იზრდება, დროის სწორი მენეჯმენტი სულ უფრო თავს იჩენს. ყველგან, სამსახურშიც და სახლშიც, სადაც მიწევს მუშაობა, გარკვეული თამასა არის, რომლის ქვემოთაც არ ჩამოვდივარ. ეს შეიძლება სხვებისთვის გარკვეული დისკომფორტის მომტანი იყოს, მაგრამ პრაქტიკამ აჩვენა, რომ კომპრომისებზე წასვლა არც ერთ შემთხვევაში არ ღირს. შეიძლება ვინმეს რაღაც არ მოსწონდეს, მაგრამ არაუშავს.
- რამდენად გუნდური მოთამაშე ხართ? თუ უფრო სოლო მიმართულებით ცდილობთ, რომ უფრო აქტიური იყოთ, თუნდაც ოჯახში.
იყო პერიოდი, როდესაც სოლო მოთამაშე ვიყავი. ეს იყო ალბათ კარიერის დასაწყისში, როდესაც დელეგირების გაკეთება მიჭირდა. იმ პერიოდში, დროის მენეჯმენტშიც პრობლემა იყო. თუმცა, თუ გუნდური მოთამაშე ვერ იქნები, პროცესებს სათანადოდ ვერ მართავ. ეს არ გამორიცხავს, რომ რიგ შემთხვევებში შენ გიწევს სოლო მოთამაშეც იყო.
- ალბათ გუნდშიც ამას ითხოვთ, ხომ?
რა თქმა უნდა. მე ვარ ქართველი ოფიცრის მეუღლე, ამიტომ ამ შემთხვევაში სოლო მოთამაშე ვარ. ძირითადად, ყველა სტრატეგიულ და ოპერაციულ საქმეებს ოჯახში ფაქტობრივად, საკუთარ თავზე ვიღებ, იგივეა საქმეშიც. გააჩნია კონკრეტულ დავალებას. ორივე უნდა შეგეძლოს.
- გამოცდილებით ბევრ საკითხს ვაგვარებთ, მაგრამ მაინც არსებობს გამოწვევები. მეტწილად, ამ საქმეში რა გამოწვევა გხვდებათ ისეთი, რომლის გადალახვაც და დაძლევაც გიწევთ ან ყოველდღიურად, ან ძალიან ხშირად?
ხანდახან საკითხის პრიორიტეტულობის ახსნა გვიწევს იმიტომ, რომ თუ ერთნაირი მოტივაცია არ იქნება კონკრეტული საკითხის მიმართ, საქმე გართულდება. რაღაცნაირად, სულ მოლოდინია, რომ რაღაც თავისით უნდა გაკეთდეს, თუმცა რაღაცები თავისით არ კეთდება.
- რაიმე ცრურწმენები ხომ არ გაქვს?
ცრურწმენების ზოგადად არ მჯერა. თუმცა, თუ ეს შეიძლება ცრურწმენად ჩაითვალოს, მეშინია ტელეფონის დაკარგვის, რადგან ტელეფონში კალენდარი მაქვს, რომელზეც ძალიან ვარ დამოკიდებული. კვირა დღეს მთელი კვირის კალენდარს გავდივარ, რომ არ დავიგვიანო და ყველაფერი იყოს შესაბამისი ხარისხით და ა.შ.
- ცხოვრებაში რა შეცდომები დაგიშვიათ, რომელიც ახლა გაგახსენდებათ და იტყვით, რომ შეცდომა დავუშვი, რამაც გარკვეული შედეგები მოიტანა?
მე ჩემი კარიერა ძალიან ადრეულ ასაკში დავიწყე. ყველა პოზოცია, რაც კი რომელიმე ორგანიზაციაში მქონია, გარკვეული რისკების სწორად შეფასებას მოითხოვდა. ამდენი წლის განმავლობაში გამოვიმუშავე, რომ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომა დავუშვა, რადგან სხვანაირად ჩემი გაკეთებული საქმე სწორად ვერ შეფასდება.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეცდომები არ მქონია, თუმცა იმ მოცემულობიდანაც შორს ვარ, რომ თუ შეცდომა არ დაუშვი და კისერი არ მოიტეხე, ისე ვერ განვითარდები და ისწავლი. აუცილებელი არ არის ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა იმისათვის, რომ განვითარდე. პირიქით, უნდა ეცადო ნაკლები შეცდომა დაუშვა, გაითვალისწინო სხვისი გამოცდილება, იკითხო, რჩევა აიღო და შეცდომები იყოს ნაკლები. ჩემს შვილებსაც იგივეს ვეუბნები.
- მარცხი არ უნდა გვიყვარდეს, არ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ შეცდომები დავუშვათ, მაგრამ ეს შეუძლებელია, რომ ჩვენს ცხოვრებაში არ არსებობდეს. როგორ მივიღოთ და გავუმკლავდეთ როგორც მოცემულობას, მაგრამ არა დავნებდეთ, არამედ პირიქით, რაღაც ახალი მოტივაცია შევიქმნათ?
ეს უნდა მივიღოთ ისე, როგორც ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილი, სადაც ზოგჯერ შეცდომებს ვუშვებთ და ზოგჯერ არ ვუშვებთ. უბრალოდ, სინანულისთვის დრო არ უნდა დავკარგოთ. მივიღოთ რა თქმა უნდა გამოცდილება, მაგრამ ამ სენტიმენტებს არ მივცეთ საშუალება, რომ დემოტივაცია გაგვიკეთოს.
- ერთი არის, როდესაც საკუთარი თავის მოტივირებას ცდილობ, ხოლო მეორეა, რომ გუნდში მოტივაციის დონე უნდა ასწიო. როგორ უნდა შევძლოთ, რომ საკუთარ თავს ყოველი ახალი დღე თვითმოტივაცია მივცეთ და იმ გარემოს, სადაც ჩვენ ვმუშაობთ.
Gazelle Finance თავის დროზე სტარტაპი იყო. მე ვერც კი წარმომედგინა, რომ სტარტაპში დავიწყებდი მუშაობას და ვიქნებოდი ერთ-ერთი პარტნიორი. რომ არ მქონოდა მოტივაცია, Gazelle Finance ვერ იქნებოდა ის კომპანია, რაც შედგა.
შესაბამისად, ჩემს შემთხვევაში, მოტივაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. აღმასრულებელ პოზიციაზე მენეჯერს გარდა სტრატეგიული მიმართულების განსაზღვრისა, გუნდის მოტივირებაზე დიდი ფუნქცია ალბათ არ აქვს. შესაბამისად, ჯერ მას უნდა ესმოდეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქმისადმი მისი დამოკიდებულება.
- ყველას იმას ვეუბნები, მათ შორის სტარტაპებსაც, რომ მთავარი არის რეპუტაცია. რამდენად აფასებს ნათია, რომ რეპუტაციული რისკები ბევრ კომპონენტმა შეიძლება მოგვაყენოს და ამის პრევენცია უნდა ვაკეთოთ?
ჩვენს სექტორში, რეპუტაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მატერიალურად აქტივს Gazelle Finance არ ფლობს და ერთადერთი ღირებული კომპანიას რაც აქვს არის რეპუტაცია. შესაბამისად, ეს ის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თუ დაკარგე, მისი აღდგენა შეუძლებელია ან სჭირდება დიდი დრო, რაც კომპანიას ძალიან ძვირი უჯდება. შესაბამისად, ჩემი კომპანიის, ჩემი და ჩემი თანამშრომლის რეპუტაციას შვილივით ვუფრთხილდები.
- რა იქნებოდა ნათია ჯანელიძის მოტივატორი?
ბევრი ვიმუშაოთ, კეთილსინდისიერად. აუცილებელი კომპონენტია ფინანსურ სექტორში კეთილსინდისიერი მუშაობა. თუმცა, არა მარტო ფინანსურ სექტორში, ყველგან.