ფინანსები
07/04/2022

მთავრობა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისთვის €55 მლნ-იან სესხს აღარ აიღებს

მთვრობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან 55 მლნ ევროს სესხს აღარ აიღებს. პარლამენტი "საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების" ცვლილების პროექტს განიხილავს, რომელიც მეორე ტრანშის გაუქმებას ითვალისწინებს. 

სასესხო შეთანხმების თანახმად, საქართველო EBRD-სგან ორ ტრანშად ჯამში 90 მლნ ევროს სესხს იღებდა. 35 მლნ ევროს გამოყენება 2022 წლიდან არის დაგეგმილი. თანხა მოხმარდება ლაჯანური-წყალტუბოს 500 კვ 49კმ-იანი ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, ნამახვანი-წყალტუბოს და ნამახვანი-ტვიში-ლაჯანურის ერთჯაჭვა 220 კვ 58კმ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას, ასევე ლაჯანურის ახალი ჰიდროელექტროსადგურის 220 კვ 5 კმ ერთჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას.

მეორე ტრანშია 55 მლნ ევრო. ათვისება 2024 წლიდან უნდა დაწყებულიყო. თანხა კი, გათვალისწინებული იყო ნენსკრა-მესტიის 110კვ 57 კმ-იანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, ნენსკრას 500/220/110 კვ ქვესადგურის მშენებლობა და წყალტუბოს ქვესადგურის გაფართოებას და კავკასიონის 500 კვ ერთჯაჭვა ეგხ-ის შეჭრის და ნენსკრას ქვესადგურის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურთან 220 კვ დაკავშირების მშენებლობას. მთავრობა აღნიშნული 55 მლნ ევროს აღებაზე ამბობს უარს. 

როგორც დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განმარტა, მთავრობა ამ სესხს ვალის შემცირების მიზნით აღარ იღებს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროექტები აღარ განხორციელდება. 

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ თვითონ ელექტროსისტემამ უნდა დახარჯოს საკუთარი კაპიტალი, ასევე აიღოს სესხი და ისე განახორციელოს პროექტები. 

"წინა წელს ბიუჯეტის დაგეგმვისას საუბარი გვქონდა იმაზე, რომ გარკვეულ ნაწილში სესხების შემცირება მოგვიწევდა, ვინაიდან ჩვენი ვალი საკმაოდ გაიზარდა. მიუხედავად, გასულ წელს დიდი შემცირებისა, უცხოურ ვალუტაში გამოსახული ვალის მაჩვენებელი მაინც მაღალია და ამიტომ, ჩვენი სტრატეგიაც, რომელიც გასული წლის ბოლოს დამტკიცდა, ითვალისწინებს, რომ ეტაპობრივად შიდა ვალით უნდა ჩანაცვლდეს უცხოურ ვალუტაში დენომინირებული ვალის მაჩვენებელი", - აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ. 

მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები გაიმართა, როგორც ელექტროსისტემასთან, ასევე ეკონომიკის სამინისტროსთან. 

"საბოლოო ჯამში, მეორე ტრანშით გათვალისიწნებული თანხის არ აღების თაობაზე მიღებულია გადაწყვეტილება. ჩვენ აქტიურად მივყვებით ელექტროსისტემის კორპორატიზაციას, რაც საბოლოო ჯამში იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ არა სახელმწიფომ ისესხოს მათი პროექტებისთვის ფული, არამედ კორპორაციამ შეძლოს ნაწილობრივ მათი კაპიტალის დაგროვება და მეორეს მხრივ თვითონ შეძლოს სესხების მოზიდვა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება იმ კონკრეტული გადამცემი ხაზების და ქვესადგურების მშენებლობა, რომელიც სახელმწიფოს უნდა ესესხა და საბოლოო ჯამში დაეფინანსებინა. პროექტების ვადებში განხორციელება არ შეფერხდება და ელექტროსისტემა შეძლებს შესაბამისი თანხების მობილიზებას იმ გრაფიკის მიხედვით, რაც მშენებლობას დასჭირდება", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

დოკუმენტის თანახმად, პროექტი 2026 წლის 15 ივლისამდე უნდა დასრულდეს. განმახორციელებელი ორგანიზაციაა სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა". 

Businesspartner