"მოლოდინია, რომ "სეკიურიტიზაციის შესახებ" კანონს პარლამენტი წლის ბოლომდე მიიღებს"
გზამკვლევი ეკონომიკურ რეფორმებში
„სეკიურიტიზაციის შესახებ კანონი პირველი მოსმენით მიღებულია, რაც ძალიან დიდი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს.“ - ამის შესახებ „ ბიზნესპარტნიორის" პოდკასტში USAID-ის მრჩეველმა კაპიტალის ბაზრის რეფორმაში გიორგი ამზაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, საბიუჯეტო კომიტეტში კანონპროექტთან დაკავშირებით გაცნობითი ხასიათის საუბრები და დისკუსიები გაიმართა და დეპუტატების მხრიდან გაიცა დაპირება, რომ სეკიურიტიზაციის შესახებ კანონს მხარს დაუჭერენ.
„ჩვენდა სასიხარულოდ, კარგად გაიგეს დეპუტატებმა ამ კანონის არსი და თქვეს, რომ მას მხარს დაუჭერენ. იყო რისკებზე შეკითხვები. მოგეხსენებათ, ეს ძალიან პოპულარული თემაა, 2008 წლის კრიზისის მთავარი გამომწვევი მიზეზი სწორედ სეკიურიტიზაციის ზედმეტად შეფასებული აქტივები იყო. მაგრამ ჩვენ ავხსენით, რომ ამ კანონს უფრო მეტი დაცვის მექანიზმი აქვს, მოცილებულია ბანკნოტობას და გარანტირებულია გარკვეული აქტივით.“-აღნშნა გიორგი ამზაშვილმა
მისივე თქმით, „სეკიურიტიზაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით საქმე წინ წავიდა და მოლოდინია, რომ პარლამენტი მას წლის ბოლომდე მიიღებს.
„ეს კარგი ინსტრუმენტია, იმისთვის რომ საშუალო და მცირე ბანკებმა გააგრძელონ საცალო თუ კორპორატიული დაფინანსება. თუ დიდ ბანკებს ზედმეტი ლიკვიდურობაც კი აქვთ, საშუალო და მცირე ბანკებს არ აქვთ საშუალება გრძელვადიანი პროდუქტებში განათავსონ საკუთარი რესურსები, ლიკვიდობის პრობლემა ექმნებათ. ჩნდება საშუალება რომ პროცესში მონაწილეობა არაფინანსურმა ორგანიზაციებმაც მიიღონ.“-აღნიშნა გიორგი ამზაშვილმა.
ცნობისთვის, როგორც „სეკიურიტიზაციის შესახებ“ კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, სეკიურიტიზაციის გარიგება წარმოადგენს დაფინანსების მაძიებელი სუბიექტისათვის საბანკო დაფინანსების ერთ-ერთ ალტერნატიულ წყაროს. საქართველოში დაფინანსების მოპოვების მსურველი სუბიექტები, დაფინანსების სხვა წყაროების სიმწირის გამო, დაფინანსების მთავარ წყაროდ განიხილავენ კომერციული ბანკების სესხებს, თუმცა კაპიტალის ბაზრის განვითარებასთან ერთად ნელ-ნელა იზრდება სასესხო ფასიანი ქაღალდის გამოშვების მიმართაც ინტერესი. სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის განხორციელებით, ინიციატორი - სუბიექტი, რომელსაც საბაზისო აქტივი საკუთარი საბალანსო უწყისიდან გადააქვს სპეციალურ მიზნობრივ ერთეულში, ამ საბაზისო აქტივების გადატანის ნაცვლად იღებს ფულად სახსრებს.