ფინანსები
28/04/2022

ლევან სურგულაძე: სებ-ის ინიციატივა კერძო ფონდებთან დაკავშირებით რისკებს შეიცავს

ეროვნული ბანკის ინიციატივას კერძო ფონდებთან დაკავშირებით სარისკოს და მიუღებელს უწოდებს საპენსიო სააგენტოს ყოფილი  დირექტორი ლევან სურგულაძე.

როგორც ის „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს,  კერძო საპენსიო ფონდების განვითარების საკანონმდებლო ჩარჩო სტრუქტურის შემუშავება ნამდვილად სასარგებლო იქნება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში კაპიტალის ბაზრის და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. თუმცა, ამ ეტაპზე, ქვეყანაში  აქტივების მართვის შესაბამისი ექსპერტიზა პრაქტიკულად არ არსებობს და ამას დრო და ხელშეწყობა სჭირდება.

სურგულაძის ინფორმაციით, დასავლეთში განვითარებულია საპენსიო სქემის 3 სვეტიანი  სისტემა. პირველი, სოციალური პენსია, მეორე - სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებული სავალდებულო საპენსიო სქემა, რომლის იმპლემენტაციასაც დღეს საპენსიო სააგენტო ახორციელებს, მესამე - ნებაყოფლობითი, კერძო საპენსიო სქემები, რომელსაც კერძო კომპანიები და აქტივების მმართველები მართავენ.

„დასავლეთში, მეორე და მესამე სვეტის ერთმანეთში არევა არ ხდება. თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს. მესამე სვეტი არის სრულიად ნებაყოფლობითი და მეორე სვეტზე დამატებით ფორმირდება,“ - აცხადებს სურგულაძე.

მისი განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია მოქალაქეეების მიერ სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებულ სქემაში დაგროვილი თანხების კერძო ფონდებში გადატანის დაშვება.

როგორც სურგულაძე აცხადებს, დაუშვებელია მოქალაქეების უკვე დაგროვილი საპენსიო დანაზოგების გამოყენებით ახლადშექმნილი აქტივების მმართველების  "ტრენინგი" და გამოცდილების დაგროვება ხდებოდეს.  გარდა ამისა, არ არსებობს  მათი  რეგულირების და კონტროლის სათანადო ექსპერტიზა. ასევე, არ არსებობს რისკის მართვისა და კონტროლის, ასევე საინვესტიციო პორტფელების მართვის თანამედროვე მეთოდების ცოდნა და გამოცდილება.

საპენსიო სააგენტოს ყოფილი  დირექტორისთვის ასევე გაუგებარია, რატომ შეიძლება საყოველთაო საპენსიო სისტემაში ნებაყოფლობით დარჩენილ  40 წლის ზემოთ  და არა 40 წლამდე პირებს მიეცეთ საშუალება თავიანთი საპენსიო დანაზოგი სახელმწიფო საპენსიო სქემიდან  კერძო საპენსიო ფონდებში გადაიტანონ. სურგულაძისთვის გაუგებარი და მიუღებელია ამ ნაწილში ასაკობრივი დიფერენციაციის საჭიროება.

„ეს არის რეალური ფული და იმ დროს, როდესაც მოსახლეობასაც არ გააჩნია საკმარისი ფინანსური ცოდნა და ქვეყანაში არ არსებობს აქტივების მართვის კულტურა, ეროვნული ბანკის ეს ინიციატივა ცალსახად მიუღებელია,“ - აცხადებს სურგულაძე.

მისი შეფასებით, თუ ეს კანონი იქნა მიღებული, შეიქმნება გარკვეული კომპანები, რომლებიც არ იქნებიან სათანადოდ რეგულირებულნი. სურგულაძე ვარაუდობს, რომ ეს კომპანიები მოახდენენ გარკვეულ მარკეტინგულ ზეწოლას (შესაძლოა, გასცენ არარეალისტური შეპირებები)  ადამიანებზე, ვისაც არ აქვთ ამ სფეროში სათანადო ცოდნა და გამოცდილება. შედეგად, შესაძლოა ამადამიანების გარკვეულმა ნაწილმა ფული კერძო საპენსიო ფონდებში გადაიტანონ და შესაძლოა, თანხის დაკარგის რისკიც მიუღებელ დონემდე გაიზარდოს.

„ეს კომპანიები იარსებებენ, მათი მომსახურება იქნება  ძვირი, მაშინ როცა სახელმწიფო საპენსიო სააგენტო ამას ყველაფერს უფასოდ აკეთებს. რაც შეეხება უცხოურ აქტივების მმართველ კომპანიებს - მაღალი ხარისხის კომპანიებისთვის ჩვენი ბაზარი მისი სიმცირის გამო საინტერესო არ არის, ხოლო მათი მომსახურების საფასური მიუღებლად მაღალია,“ - აცხადებს სურგულაძე.

კითხვაზე, განიხილებოდა თუ არა მისი საპენსიო სააგენტოში ხელმძღვანელ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მსგავსი სქემა, სურგულაძე აცხადებს, რომ მსგავსი იდეაც კი სააგენტოს შექმნის დღიდან არ ყოფილა განხილული.

რაც შეეხება სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირებულ საპენსიო ფონდს, საპენსიო ასაკში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2019 წლის პირველი იანვრიდან  დაგროვებითი საპენსიო სქემა ამოქმედდა, რომლის იმპლემენტაციასაც საპენსიო სააგენტო ახორციელებს,დაგროვების შემდეგი პრინციპით: 2%+2%+2%. ეს ნიშნავს, რომ დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით საპენსიო ფონდში რიცხავს მისი ხელფასის/შემოსავლის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს. ამასთან, სოლიდარულად ამავე მოცულობის თანხას დამატებით რიცხავს დამსაქმებელიც და სახელმწიფოც.

ლევან სურგულაძე განმარტავს, რომ კანონმა რომც დაუშვას, კერძო საპენსიო ფონდში გადასვლის შემდგომ მოქალაქე დაზოგავს მხოლოდ თავის პირად შენატანს (შესაძლოა დაბეგრილს) და მას არც სახელმწიფო და არც (სავარაუდოდ) დამსაქმებელი არაფერს აღარ დაუმატებს. ვფიქრობ, ეს იქნება ერთერთი გადამწყვეტი დემოტივაციის ფაქტორი, რომ რაციონალურმა მოქალაქემ საპენსიო შენატანების დაგროვება საპენსიო სააგენტოს ფონდიდან კერძო საპენსიო ფონდში გააგრძელოს - უბრალოდ, თითქმის 4-ჯერ ნაკლები დაუგროვდება. შესაბამისად, ასეთი კანონის მიღება, გარდა იმისა, რომ შეიძლება დამაზიანებელი იყოს, ასევე ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

შეგახსენებთ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კერძო საპენსიო სქემაში სულ 15 790 ადამიანია ჩართული. 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 15 842 ადამიანს შეადგენდა. 2018 წელს 31 დეკემბრისთვის კი  სქემის მონაწილეთა რაოდენობა 22 000-მდე იყო.

ამ დროისთვის კერძო საპენსიო სქემაში 4 სადაზღვევო კომპანია მონაწილეობს, თუმცა მათგან საპენსიო დანაზოგს მომხმარებელი 3 კომპანიაში "საქაერონავიგაციაში", "ჯიპიაი ჰოლდინგსა“ და "ალდაგში“ აკეთებს.

2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კერძო საპენსიო შენატანების მოცულობა მხოლოდ  5.3  მლნ ლარია, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 4.9 მლნ ლარს შეადგენდა.