ფინანსები
09/02/2023

"ქვეყანა ციფრულ ლარზე გადასასვლელად მზად არის" - დავით კიკვიძე

ეროვნული ბანკი ციფრული ლარის პროექტის შემდეგ ეტაპზე გადადის, პირველი ეტაპის საბოლოო ვადად კი 2023 წლის 15 თებერვალი განისაზღვრა. აღნიშნულ თემაზე გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ „ფინტექ ასოციაციის“ თავჯდომარე დავით კიკვიძემ ისაუბრა.

„საქართველოში სმარტფონიზაცია დაახლოებით 70%-ს აღწევს, ინტერნეტიზაციის მაჩვენებელიც კი საკმაოდ მაღალია. ჯამური სურათი რომ ავიღოთ, საქართველოს ნიადაგი ინფრასტრუქტურულად და რესურსულად ძალაინ კარგია.  აქედან გამომდინარე, ციფრული ლარი არის გამოძახილი თანამედროვე ტექნოლოგიური ფულის და თუ ნიადაგი არსებობს, რატომაც არა. შესაბამისად ეროვნულ ბანკსაც  ზუსტად ეს მიდგომა აქვს,“ - აცხადებს „ფინტექ ასოციაციის“ ხელმძღვანელი.

კიკვიძის ინფორმაციით, დიდი ალბათობით ეროვნულ ბანკს საერთაშორისო მომწოდებელი ეყოლება, რომელზეც ფაქტობრივად ტექნოლოგიური არქიტექტურა აეწყობა. იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ ადგილობრივ კომპანიებს ციფრულ ვალუტასთან არ აქვთ გამოცდილება, ეროვნული ბანკი მოლაპარაკებებს რამდენიმე მაღალი დონის კომპანია აწარმოებს, რომლიდანაც ერთ-ერთი შეირჩევა და ის იქნება ძირითადი მომწოდებელი. რაც შეეხება ადგილობრივ დისტრიბუციას, ამ შემთხვევაში ქართული ფინტექ კომპანიები  მიწოდებაში ჩაერთვებიან.

„ფინტექ ასოციაციის“ თავჯდომარე აცხადებს, რომ მოლაპარაკებების ორი ეტაპი  უკვე ჩატარდა, ერთი კომერციულ ბანკებთან და მეორე - ფინტექ კომპანიებთან, სადაც ეროვნულმა ბანკმა  საკუთარი ხედვები წარადგინა.

ადგილობრივი ფინტექ კომპანიებისთვის ძალიან დიდი შესაძლებლობები ჩნდება. მათ ექნებათ საშუალება არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოემსახურონ მომხმარებლებს, არამედ საერთაშორისო დისტრიბუციის მონაწილეები გახდნენ.

„დღეს ფინანსურ სისტემაში  რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა გვაქვს. ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, ძალიან მაღალი დონის დამოკიდებულება კომერციულ ბანკებზე, შესაბამისად, ფინანსურ ინსტიტუტებს შორის კონკურენცია ფაქტობრივად ნულოვანია. ეს კი მნიშვნელოვნად  ბაზრის განვითარებას აფერხებს,“- აღნიშნავს დავით კიკვიძე.

მისივე განცხადებით,   ერთის მხრივ ლარის გამოშვება და მასში ფინტექ კომპანიების შესვლა ფინანსურ ინსტიტუტებს შორის კონკურენციას შექმნის. გაჩნდება ახალი ფინანსური ინსტიტუტები, სადაც მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა გააკეთოს არჩევანი კომერციული ბანკის გზით იაროს თუ ფინტექ კომპანიის. შესაბამისად, ეს უკვე ახალი ნაბიჯი იქნება ფინანსურ სამყაროში.

კიკვიძის ვარაუდით, მომხმარებელი არჩევანს ციფრული ლარის სასარგებლოდ გააკეთებს, ვინაიდან ციფრული ლარის მოქნილობა ორჯერ და სამჯერ უკეთესი იქნება ვიდრე ფიატურ ფულის  (სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფული).

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, 2021 წლის 30 აპრილს  ციფრული ლარის პროექტის პირველი ეტაპის დაწყების შესახებ განაცხადა და დაინტერესებული ფინანსური ტექნოლოგიების მიმწოდებლები კომპანიები თანამშრომლობისთვის მოიწვია.

ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა საერთაშორისო და ადგილობრივ ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში სებ-მა მოიკვლია CBDC-ის სისტემის საშუალებით ტექნოლოგიური, საზედამხედვლო და ფინანსურ სირთულეებთან გამკლავების სხვადასხვა გზები და მეთოდები.