კრედო ბანკმა ADB-ისგან 4 მლნ დოლარი ფინანსური რესურსი მოიზიდა
კრედო ბანკმა აზიის განვითარების ბანკიდან (ADB) $4 მლნ-ის საფინანსო რესურსი მოიზიდა, მხარეებმა სასესხო ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს. რესურსით ბანკი მიკრო და მცირე სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს, დაბალი შემოსავლის მქონე ფერმებს, ქალი მეწარმეების მიერ ორგანიზებულ მიკრო და მცირე საწარმოებსა და აგრო-ტურიზმს შეუწყობს ხელს.
„კრედო ბანკი რეგიონებში გაწეული მომსახურეობით, იქ არსებული მიკრო სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისა და ქალი მეწარმეების ხელშეწყობით მნიშვნელოვნად შეარბილებს კოვიდ-19-ის პანდემიის ნეგატიურ ეკონომიკურ ზეგავლენას რეგიონებში,“ ამბობს ADB-ის კერძო სექტორის საფინანსო ინსტიტუტების განყოფილების დირექტორი კრისტინ ენგსტრომი. „აღნიშული დაფინანსება მნიშვნელოვანწილად შეუწყობს ხელს სასოფლო-სამეურნეო საწარმოებს და საშუალებას მისცემს მათ კვლავაც განაგრძონ წვლილის შეტანა ქვეყნის სურსათის უვნებლობის საქმეში.“
საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 40% სოფლის მეურნეობაშია ჩართული. მათი უმრავლესობა კი თვითდასაქმებულია და შეზღუდული აქვს სოციალური უზრუნველყოფის სისტემების ფარგლებში გაწეულ ხელშეწყობაზე წვდომა.
2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით, კრედო ბანკი 336,748 მსესხებელს ემსახურება მისი 75 ფილიალის მეშვეობით. მისი ძლიერი გუნდის 2,486 თანამშრომლიდან ნახევარზე მეტი ქალები არიან. ბანკს უკვე აქვს სასოფლო-სამეურნეო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. კრედო ბანკის 219,957 მსესხებელი აგრო სექტორში საქმიანობს, საიდანაც 53%-ს ქალი მეწარმეები შეადგენენ. 2015 წელს ADB უკვე დაეხმარა კრედოს მიკროსაფინანსო ინსტიტუტიდან ბანკად ტრანსფორმაციაში და 2019 წელს ხელმისაწვდომი იპოთეკური სესხების პროგრამის უზრუნველყოფაში, ასევე, ფინანსური პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და სოფლად ქალებისთვის ციფრული მომსახურების ხელმისაწვდომობის პროექტების განხორციელებაში.
ADB-ის მიზანია ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა.