
IDFI: დევნილთა 50% ისევ არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით
2017-2021 წლებში დევნილთა განსახლებს პროექტებზე დაახლოებით 513 მლნ ლარია დახარჯული. თუმცა, დღემდე დევნილი მოსახლეობის 50% გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი არ არის. IDFI დევნილი ოჯახების განსახლებაზე სახელმწიფო პოლიტიკის მიმოხილვას აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველოში 90-იან წლებში განვითარებული მოვლენებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, ასი ათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ქვეყანა დადგა მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დევნილთა პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით. მათ შორის, საქართველოს ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ძალისხმევას დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა მოითხოვდა.
IDFI -ის კვლევით, დევნილი ოჯახების დაახლოებით 50% (45 903 ოჯახი) ისევ არ არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით. ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივი საცხოვრებელი ფართით სახელმწიფომ 10 622 ოჯახი დააკმაყოფილა.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, არსებული ტემპის შენარჩუნების პირობებში, სახელმწიფოს მინიმუმ 20 წელი დაჭირდება ყველა დევნილი ოჯახის მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფისათვის.
2017-2021 წლებში დევნილთა განსახლების პროექტებზე სულ დახარჯულია დაახლოებით 513 მილიონი ლარი, რომლის 94% პროცენტი წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრებს.
დევნილთა მხარდამჭერი საბიუჯეტო პროგრამების ფაქტობრივი ხარჯები 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, 44 მილიონი ლარით, ხოლო 2021 წელს, 2019 წელთან შედარებით, 67 მილიონი ლარით შემცირდა.
IDFI -ის ინფორმაციით, 2021 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო მენაშენეების საკონკურსო პროექტით დაინტერესება და დევნილთა საცხოვრებელი ფართების სათანადო შესყიდვა. შედეგად, დევნილთა მხარდამჭერი პროგრამისთვის დაგეგმილი 85 მილიონი ლარიდან, აითვისა მხოლოდ 43.6 მილიონი ლარი. დევნილთა მხარდაჭერისთვის გათვალისწინებული პროგრამების წილი სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიან გადასახდელებში, 2018-2019 წლებში შეადგენდა 1%-ს. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 0.7%-მდე, ხოლო 2021 წელს - 0.4%-მდე შემცირდა.
2008-2016 წლებში დევნილთა განსახლებისთვის გაწეული ხარჯების 70%-ს (470 მილიონი ლარი) წარმოადგენდა საერთაშორისო დაფინანსება, ხოლო 2017 წლის შემდეგ საინვესტიციო გრანტის სახით სახელმწიფოს მიღებული აქვს მხოლოდ 33 მილიონი ლარი.
2017-2021 წლებში სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დევნილთა საცხოვრებელი ფართის (128 524 კვ.მ საცხოვრებელი ფართი) მშენებლობებზე გაწეულია 120.5 მილიონი ლარის ხარჯი.
2017-2021 წლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება, კვადრატული საცხოვრებელი ფართის მიხედვით, 467 ლარიდან 1 230 ლარამდე მერყეობს.
2017-2021 წლებში დევნილთა განსახლების პროგრამებზე გათვალისწინებულ თანხებს მინიმუმ ორჯერ აღემატებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებსა და დანამატებზე გაწეული ხარჯები, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 წელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი მიემართა დევნილთა განსახლების პროგრამებზე, IDFI მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში, შესაძლებელი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ცალკეული ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების ხარჯზე, მნიშნელოვანი ფინანსური რესურსის გამოთავისუფლება და დევნილი ოჯახებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის პროცესის დაჩქარება.
"მაგალითად, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში ასახული მონაცემების მიხედვით, დევნილთა განსახლების პროგრამებზე გათვალისწინებულ თანხებს დაახლოებით ორჯერ აღემატება სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრემიებსა და დანამატებზე გაწეული ხარჯები, ასევე შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები.
იმის გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით, დევნილი ოჯახების ნახევარი კვლავ რჩება მუდმივი საცხოვრებლის მოლოდინში, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არცერთი ხელისუფლების პირობებში დევნილების მუდმივი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არ ყოფილა განსაზღვრული სოციალური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად.
ვინაიდან, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილმა ოჯახებმა საცხოვრებელი დაკარგეს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, საქართველოს ყველა ხელისუფლება ვალდებული იყო სოციალური პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტად განესაზღვრათ დევნილების მუდმივი საცხოვრებლით დროული უზრუნველყოფა და არსებული საერთაშორისო დახმარებასთან ერთად, სახელმწიფო სახსრების გამოთავისუფლებით მნიშვნელოვნად დაეჩქარებინათ დევნილი ოჯახებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის პროცესი", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
IDFI მიიჩნევს, რომ დევნილი მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფის დაჩქარებისთვის აუცილებელია:
სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდის პროპორციულად, გაიზარდოს დევნილი ოჯახების განსახლებისთვის არსებული დაფინანსება. კერძოდ, ყველა დევნილი ოჯახის განსახლების უზრუნველყოფამდე, საქართველოს კანონმდებლობით განისაზღვროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით ყოველწლიურად გამოსაყოფი დაფინანსების პროცენტული ქვედა ზღვარი (ბიუჯეტის საერთო გადასახდელების მინიმუმ 1%).
გაიზარდოს სახელმწიფო პროგრამების დაგეგმვის და განხორციელების ეფექტიანობა, რაც გამორიცხავს ამ მიზნით გამოყოფილი ფინანსური რესურსების ათვისების პრობლემას.
საქართველოს ხელისუფლებამ გააქტიუროს დევნილთა განსახლების დაფინანსებისთვის დონორი ორგანიზაციების მოძიება.