ფინანსები
22/03/2022

IDFI: 2021 წელს შრომის ანაზღაურება არ გაეზარდა მხოლოდ Covid-ის მართვაზე პასუხისმგებელ ჯანდაცვის სამინისტროს

პანდემიით გამოწვეული კრიზისული მდგომარეობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია. სამინისტროების მიერ გაწეულ ხარჯებზე IDFI კვლევას აქვეყნებს. 

კვლევის თანახმად, 2021 წელს ყველაზე დიდი შრომის ანაზღაურება აქვს შს სამინისტროს. შრომის ანაზღაურების ხარჯი არ გაეზარდა მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც უშუალოდ ჩართული და პასუხისმგებელი იყო პანდემიის მართვაზე. 

როგორც IDFI ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებზე დაყრდნობით აცხადებს, 2021 წლის 9 თვის ანგარიშის მიხედვით, პანდემიის მიუხედავად, 2020 წლის იმავე პერიოდის ხარჯებთან შედარებით გასულ წელს, მივლინების გარდა, ყველა კატეგორიაში აღინიშნება მატება. 

იმის გასარკვევად, თუ რა ბიუროკრატიული ხარჯები გასწიეს 2021 წლის 9 თვეში მხოლოდ სამინისტროებმა, IDFI-მ გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია აღნიშნულ პერიოდში შრომის ანაზღაურების შესახებ ჩაშლილად, მათ შორის თანამდებობის პირებზე გაცემული თანხები ცალ-ცალკე, სამივლინებო ხარჯების, წარმომადგენობითი ხარჯების, ტრანსპორტის ტექნიკური მომსახურების ხარჯებისა და სამინისტროებში განხორციელებული შიდა აუდიტების შესახებ. ორგანიზაციამ ინფორმაცია მიიღო 9 სამინისტროსგან. პასუხი არ მიუღია კულტურის და ეკონომიკის სამინისტროებისგან. 

IDFI-ს კვლევით, 9 სამინისტროდან მიღებული პასუხების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ შრომის ანაზღაურების კატეგორიაში ყველაზე დიდი ხარში შს სამინისტრომ გასწია. 

შრომის ანაზღაურების ხარჯები: 

შსს-ს მიერ თანამდებობის პირებზე გაცემულმა სარგოს, პრემიის და დანამატის ოდენობამ შეადგინა - 26 368 288 ლარი. სამინისტროს სხვა თანამშრომლებზე გაცემულმა სარგოს, პრემიის და დანამატის ოდენობამ შეადგინა - 258 038 185 ლარი. ხოლო, შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებამ შეადგინა - 9 729 575 ლარი. 2021 წლის 7 ნოემბრის მდგომარეობით, სამინისტროში დასაქმებული იყო 19 173 თანამშრომელი. 

შრომის ანაზღაურების ყველაზე მაღალი ხარჯების მქონე რიგით მეორე სამინისტრო თავდაცვის სამინისტროა, 9 თვის განმავლობაში გადახდილი 15 მლნ ლარზე მეტით. აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე 1.7 მლნ ლარზე მეტი მოდის, თანამდებობის პირების ანაზღაურებაზე 4.6 მლნ ლარი, ხოლო სამოქალაქო ოფისის დანარჩენი თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაში 10.5 მლნ ლარი დაიხარჯა. 

თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისში 2021 წლის 25 ოქტომბრის მდგომარეობით, სულ დასაქმებული იყო 654 თანამშრომელი (შტატიანი და შტატგარეშე).

საგარეო საქმეთა სამინისტროს შრომის ანაზღაურებაში ჯამში 8 მილიონ ლარამდე აქვს დახარჯული. აქედან საშტატო თანამშრომლების ანაზღაურებამ 6.8 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, შტატგარეშე თანამშრომლებისამ კი - 1 მლნ ლარზე მეტი. თანამდებობის პირებზე გაცემულმა დანამატმა 9 600 ლარი შეადგინა, ხოლო ჯილდომ - 14 400 ლარი.

განათლების სამინისტროს შრომის ანაზღაურებაში იმავე პერიოდში 5.6 მლნ ლარზე მეტი აქვს დახარჯული. მათ მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული თანხიდან 1.6 მლნ ლარამდე შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურებას უკავია. ამასთან, 4 მლნ ლარზე მეტი თანამდებობრივ სარგოზე მოდის, ხოლო 45 600 ლარამდე - საკლასო დანამატზე, ხოლო ფულადი ჯილდო საერთოდ არ გაცემულა.

სამივლინებო ხარჯები: 

2021 წელს კორონავირუსის გავრცელების გამო შეზღუდული იყო საერთაშორისო გადაადგილება, რის გამოც, 2020 წლის მსგავსად, მოსალოდნელი იყო სამივლინებო ხარჯების კლება. მიუხედავად ამისა, სამინისტროების მიერ გაწეული სამივლინებო ხარჯების ჯამურმა მოცულობამ 941,000 ლარზე მეტი შეადგინა. ფინანსთა სამინისტროს მსგავსი ხარჯი 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით საერთოდ არ გაუწევია.

სამივლინებო ხარჯების მიმართულებით ყველაზე დიდი თანხა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაწია და ჯამში 2021 წლის 9 თვეში 531 475 ლარი შეადგინა. მივლინებებში ჯამურად ყველაზე დიდი ხარჯები გასწიეს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკანიანმა - 76 917 ლარი, მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ - 50 228 ლარი და დეპარტამენტის დირექტორმა, პაატა ბატიაშვილმა - 41 902 ლარი.

საქართველოსათვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მოსაპოვებლად მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ღვთისიაშვილი, რომელიც 2021 წლის 1-20 მარტს იმყოფებოდა ინდოეთის რესპუბლიკაში. ვიზიტში სამინისტრომ ჯამურად 17 000 ლარამდე ხარჯი გასწია.

ამ მიმართულებით მეორე ყველაზე მაღალხარჯიანი უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროა 158 320 ლარით, თუმცა, სამინისტროს არ აქვს წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სად იყო მივლინება, რამდენი დღით, რამდენი პირი მონაწილეობდა, აღნიშნული თანხები როგორ განაწილდა მგზავრობაზე, სასტუმროსა და დღიურ ანაზღაურებაზე.

თავდაცვის სამინისტრომ სამივლინებო ხარჯებში 120 000 ლარზე მეტი დახარჯა. 

განათლების სამინისტროს სამივლინებო ხარჯებმა 65 000 ლარზე მეტი შეადგინა. აღნიშნული თანხა ჯამში 5 მივლინებაზე დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე დიდი თანხა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში მივლინებაზე მოდის, რომელიც ჯამში 48 000 ლარზე მეტი დაჯდა.

წარმომადგენლობითი ხარჯები:

შვიდმა სამინისტრომ 2021 წლის 9 თვის განმავლობაში 1 337 000 ლარამდე წარმომადგენლობითი ხარჯი გასწია. მსგავსი ხარჯი არ უფიქსირდება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს.

წარმომადგენლობითი ხარჯების მიმართულებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიდერობს, რომელმაც 2021 წლის 9 თვის განმავლობაში 920 000 ლარზე მეტი ხარჯი გასწია.

"სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში არ არის წარმოდგენილი დეტალები, თუ რა ღონისძიების ფარგლებში დაიხარჯა აღნიშნული თანხები, თუმცა მითითებულია კომპანიები, რომლებთანაც გაფორმდა ხელშეკრულებები", - აცხადებენ IDFI-ში. 

ჯამურად ყველაზე დიდი თანხები სამინისტრომ შემდეგ კომპანიებს გადაუხადა:

შპს არტ ბიურო - 145 793 ლარი. 

შპს პრემიუმ ღონისძიებები - 136 739 ლარი. 

სს "ნუროლ ინშაათ ვე თიჯარეთი"-ს წარმომადგენლობა საქართველოში - 122 695 ლარი. 

შპს პიუმა ივენთსი - 110 719 ლარი. 

შპს TV პროექტი - 96 100 ლარი. 

შპს წინანდლის მამულები - 74 044 ლარი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჯამური 198 500 ლარით.

"აღნიშნული ხარჯები არ მოიცავს დეტალურ ინფორმაციას, ისევე როგორც სხვა ხარჯებთან დაკავშირებული მონაცემები. კერძოდ, უცნობია, რა სახის ღონისძიებებისათვის იყო გათვალისწინებული მოცემული თანხები, კონკრეტულად რა სახის მომსახურებას მოიცავდა, რომელი კომპანიები ასრულებდნენ ხელშეკრულების პირობებს და რა კატეგორიებად ნაწილდებოდა ჯამური ხარჯები.

იდენტური სახით მოგვაწოდა ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრომაც, რომელიც მსგავსი ხარჯების რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს", - აცხადებენ IDFI-ში. 

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ჯამური ხარჯიდან 26 500 ლარამდე სარესტორნო მომსახურებაზე მოდის, ხოლო 27 000 ლარზე მეტი სხვა ხარჯებზე (სასმელი წყალი, ყავა, ჩაი, ტკბილეული, ა.შ). 

სარესტორნო მომსახურებიდან ყველაზე დიდი თანხა, 12 000 ლარამდე, სამინისტრომ რესტორან "ფუნიკულიორში" გადაიხადა, სადაც თურქეთის სოფლის მეურნეობის და ტყის მინისტრის თანმხლები დელეგაციით საქართველოში ოფიციალური ვიზიტი გაიმართა. ჯამში 7 000 ლარამდე გადახდილი რესტორანი „გურამიშვილის მარანისთვის”, სადაც სხვადასხვა დროს სამინისტრომ უნგრეთის დელეგაციასა და სომხეთი ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა.

სამინისტრომ 1 500 ლარამდე დახარჯა რესტორან „ვინოტელის” მომსახურებაში, სადაც ლოკოკინების საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორს უმასპინძლა. ამავე რესტორანში კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) წარმომადგენლების გამასპინძლება სამინისტროს 3 000 ლარამდე დაუჯდა.

ტრანსპორტის ტექნიკური მომსახურების ხარჯი:

2021 წელს 8 სამინისტრომ ჯამურად სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაში 17 მლნ ლარამდე დახარჯა. აღნიშნულ მომსახურებაში მოიაზრება სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილების ექსპლუატაციის, მოვლა-შენახვის და სათადარიგო ნაწილების შეძენის ხარჯი.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ მოიცავს აღნიშნული ხარჯების შესახებ ინფორმაციას", - ამბობენ ორგანიზაციაში. 

ყველაზე დიდი თანხა შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დახარჯული, თუმცა აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით შეინიშნება მსგავსი ხარჯების მკვეთრი შემცირება.

Businesspartner