G&T წელს ეკონომიკის 6.8%-იან ზრდას პროგნოზირებს
გალტ & თაგარტი 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 6.8% დონეზე ინარჩუნებს, 2024 წელს კი 5%-იან ზრდას პროგნოზირებს.
საინვესტიციო ბანკმა მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები შეაფასა. 2023 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა, რაც G&T-ის მოლოდინთან თანხვედრაშია.
ინფლაცია დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება და სექტემბერში 0.7% შეადგინა. ინფლაციის შემცირებაზე იმპორტირებული და შერეული საქონლის ფასების კლება მოქმედებს.
ამასთან შენელებულია ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ფასების ზრდის ტემპიც.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 10%-ზე დატოვა 2023 წლის 25 ოქტომბრის სხდომაზე, რადგან რეგულატორი ინფლაციის პროგნოზის კუთხით დამატებით გაურკვევლობას ხედავს მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
შესაბამისად, G&T-მა განაახლა რეფინანსირების განაკვეთის პროგნოზი და 2023 წლის დეკემბერში 9.75%-ს ელოდება. 2024 წლის ბოლოსთვის 8.75%-მდე შემცირებაა მოსალოდნელი, რაც 25 საბაზისო პუნქტით აღემატება წინა პროგნოზს.