გიორგი კაკაურიძე: ინოვაციურ სტარტაპებს ჩვენი რესურსით დავაფინანსებთ
სახელმწიფო სტარტაპების დასაფინანსებლად სესხს აღარ აიღებს, თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიზნით 15.3 მლნ ლარამდეა გამოყოფილი.
"15 მლნ ლარი გამოყოფილია ინოვაციური სტარტაპების დასაფინანსებლად, საგრანტო კომპონენტი, რომელიც ფინანსდებოდა მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში, რომელიც უკვე დასრულდება. მსოფლიო ბანკი მზად იყო ამ პროექტის დასაფინანსებლად, თუმცა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი რესურსით დავაფინანსოთ და ამ მიზნით დამატებითი სესხი აღარ ავიღეთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორი კაკაურიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას განიხილავენ.
პროექტის თანახმად, ეკონომიკის სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2022 წელს გამოიყოფა 741 მლნ ლარი. ამ თანხიდან:
მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის - 50 მლნ ლარამდე;
მეწარმეობის განვითარება - 273.3 მლნ ლარი, რომელიც ითვალისწინებს 2021 წლის
სექტემბრიდან მეწარმეობის ხელშეწყობის გაფართოებულ პროგრამებს. პროგრამა
ნაწილობრივ ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ და 2022 წელს ბანკის რესურსი შეადგენს 45 მლნ ლარს;
მთის კურორტების განვითარება - 120 მლნ ლარი, თანხები გათვალისწინებულია 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ჰაწვალის ახალი საბაგიროს მშენებლობისთვის;
ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა - 22.7 მლნ ლარი;
საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება - 15,3 მლნ ლარამდე;
ინტერნეტიზაციის (Log-in Georgia (WB)) პროექტისთვის - 34 მლნ ლარამდე;
ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა-რეაბილიტაცია - 80,2 მლნ ლარი.