ფინანსები
09/12/2020

FDI-ს დაბალი მაჩვენებელი პოტენციური ინვესტორებისთვის საკმაოდ ნეგატიური სიგნალია

PMC კვლევითი ცენტრის შეფასებით 2020 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. ცენტრის დირექტორი, გიორგი ხიშტოვანი „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, რომ ეს პოტენციური ინვესტორებისთვის საკმაოდ ნეგატიური სიგნალია.

„დაახლოებით 40%, თუ არა მეტი, მოდის რეინვესტიციაზე. შესაბამისად, ეს არ არის ქვეყანაში ახალი ინვესტორების მიერ ჩადებული ახალი რესურსი. არამედ, ეს არის არსებული საერთაშორისო კომპანიების მიერ საქართველოში რეინვესტირებული თანხა. ანუ, ნანახი მოგების არგაცემა.

მეორე, საკმაოდ დიდი წილი, დაახლოებით 25% მოდის სასესხო ვალდებულებების ზრდაზე. ეს არის სპეციფიკური ტიპის ვალდებულებები, რომელიც შეიძლება, როგორც ინვესტიციები მეთოდოლოგიურად ავსახოთ, მაგრამ რეალურად ეს არ არის ტიპური პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, როდესაც სააქციო კაპიტალში ხდება თანხების დაბანდება. გვრჩება დაახლოებით 100 მილიონ დოლარამდე, რომელიც არის რეალური ახალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც არის ძალიან დაბალი მაჩვენებელი. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლებელია, საქართველო, როგორც საინვესტიციო ლოკაცია, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

როგორც წესი, მაღალი FDI სხვა ინვესტორებისთვის არის ხოლმე სიგნალი, რომ ქვეყანაში კარგი საინვესტიციო კლიმატია. თუ ინვესტორი საქართველოში FDI-ს სტატისტიკას დეტალურად შეხედავს, ტრენდი არის კლებადი. დიდი წილი მოდის რეინვესტიციებზე, რეინვესტიციების ნაწილში კი საფინანსო სექტორის მიერ განხორციელებულ რეინვესტიციებზე, რაც ასევე ეტყვის უცხოელ ინვესტორს თავის სათქმელს“,- ამბობს ხიშტოვანი.

მისივე თქმით, თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, 2021 წელს კომპანიებს რეინვესტირებისთვის საჭირო თანხებიც კი აღარ ჰქონდეს. მათ შორის, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება საფინანსო სექტორიც.

„წელი მთლიანად ბიზნესისთვის მძიმე იქნება. მათ შორის, საფინანსო სექტორისთვის. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სარეინვესტირებელი თანხების მოცულობაც სხვა თანაბარ პირობებში შემცირდება წლის ბოლოსა და მომავალი წლის დასაწყისში. იმის მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს, რომ რეინვესტირების მოცულობა იქნება მაღალი. დასარეინვესტირებელი თანხებიც კი შესაძლებელია, შემცირდეს. საინვესტიციო პოლიტიკა გადასახედია და იმედია, ახალი პარლამენტი ამ თემას უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს“,- განმარტავს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის III კვარტალში 302.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 23.6 პროცენტით ნაკლებია.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის III კვარტალში 66.8 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 128.3 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 42.4 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 37.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 36.6 მლნ. აშშ დოლარით.

2020 წლის III კვარტალში შემცირება ძირითადად მოდის სასტუმროების და რესტორნების (28 მლნ. აშშ დოლარით), ტრანსპორტის (21 მლნ. აშშ დოლარით) და უძრავი ქონების (16 მლნ. აშშ დოლარით) სექტორებზე.