ფინანსები
14/02/2021

"ძვირი გვიჯდება" - როგორ აისახება ლარის კურსის არასტაბილურობა მიკროსაფინანსოებზე

მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სექტორისთვის ლარის კურსის სტაბილურობის მნიშვნელობაზე საუბრობენ. „კრისტალის“ დამფუძნებელი, არჩილ ბაკურაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება კომპანიებს მძიმე ტვირთად აწვება, მათი მომხმარებელი კი ამას საკუთარ თავზე ვერ გრძნობს.

„ლარის კურსის სტაბილურობა ჩვენი სექტორისთვის გადამწყვეტია. ლართან დაკავშირებული რისკები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ჩვენს თავზე გვაქვს აღებული. ჩვენი ზარალების დიდი ნაწილი სწორედ ამისგანაა გამოწვეული. ყველა სესხს ლარში გავცემთ, ამიტომ ჩვენი მომხმარებელი ლარის გაუფასურებას ვერ გრძნობს. მათ იმავე ლარის დაბრუნება უწევთ, რასაც სესხის სახით იღებენ. ამიტომ დოლარში გადათვლით ხშირად მომხმარებელი, ჩათვალეთ, რომ ფაქტობრივად უპროცენტო სესხებს იღებს. ეს ჩვენ ძალიან ძვირი გვიჯდება. არასტაბილურ გარემოში, როდესაც ხვალინდელი ლარის კურსი რთული პროგნოზირებადია, ძალიან დიდი ხარჯის გაწევა გვიწევს, ე.წ ჰეჯირების ხარჯის გაწევა. ეს ჰეჯირების ხარჯები კი ახლა ძალიან გაიზარდა“,- აღნიშნა ბაკურაძემ.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი რისკების შემცირების საკითზე აქტიურად მუშაობს.

„შარშან მათ ძალიან კარგი მექანიზმი შექმნეს, რომელმაც გარკვეულწილად დაგვაზღვია ჰეჯირების ხარჯების უკონტროლო ზრდისგან. ახლა საერთაშორისო სავალუტო ფონდი მუშაობს რეკომენდაციებზე და ვფიქრობ, ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს იქნება. რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ გაამრავალფეროვნოს სავალუტო რისკების მართვის ინსტრუმენტების ბაზარი. რაღაცნაირად რომ გაიაფდეს ეს ინსტრუმენტები. შესაბამისად, ეს თემა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთანაც არის კავშირში. შარშან ჩვენ ველოდით, რომ ის დაიკლებდა, იყო გარკვეული მინიშნებები. თუმცა ბოლოს ვითარება შეიცვალა და დავინახეთ, რომ ეროვნული ბანკი განაკვეთის შემცირებას არ იჩქარებს. ეს ჩვენთვის ასევე მომატებულ ხარჯებს ნიშნავს“,- აღნიშნა არჩილ ბაკურაძემ.