ფინანსები
05/11/2021

ბაზარზე ციფრული ლარი 2022 წლიდან გამოჩნდება - შესაძლებლობები და გამოწვევები

2022 წლიდან ქართველ მომხმარებელს ციფრული ლარით სარგებლობა შეეძლება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უკვე შესულია. დაწყებულია მუშაობაც და სავარაუდოდ, კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზეც განიხილება.

პირველ ეტაპზე ციფრული ვალუტის საპილოტე რეჟიმის ამოქმედება იგეგმება. ზუსტი დეტალები ჯერჯერობით შემუშავების პროცესშია, თუმცა ეროვნული ბანკის ინფორმაციით, განისაზღვრება გარკვეული ლიმიტები - ვინ და რა ზღვრის ფარგლებში ისარგებლებს ციფრული ლარით.

„საპილოტე რეჟიმის შინაარსი ის არის, რომ არ მოხდეს საწყის ეტაპზე ციფრული ლარის ფართო მასებისთვის გამოყენება. შეზღუდული სეგმენტისა და ტრანზაქციებისთვის იქნება გამოყენებული. ყველაზე მარტივი რისკი ის არის, რომ ბანკებიდან ლიკვიდობა, ან ფული არ წამოვიდეს ციფრულ ლარში, განსაკუთრებით კი კრიზისების დროს. ეს ცნობილი რისკია, რაც ციფრულ ვალუტას ზოგადად ახასიათებს. ამის დაზღვევის მექანიზმი მარტივია. მაგალითად, შეგვიძლია, საფულეში არსებულ ციფრულ ლარს გარკვეული ლიმიტი დავადოთ“, - განმარტა ცენტრალური ბანკის ვიცეპრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ.

ქვეყანაში ციფრული ვალუტის დანერგვის პროცესში ქართული ფინტექ კომპანიებიც უნდა ჩაერთონ. ეროვნული ბანკი უკვე 100-მდე კომპანიას შეხვდა, ვისაც პროცესში მონაწილეობის სურვილი აქვს. გადაწყვეტილება მიღებული არ არის. შეხვედრების მიზანი ბაზრისა და იმ პროდუქტების შესწავლა იყო, რომელსაც კომპანიები ეროვნულ ბანკს შესთავაზებენ.

„ფინტექ კომპანიებთან მოლაპარაკებები არ დაგვიწყია. აქამდე რაც შეხვედრები გვქონდა, უფრო ბაზრის შესაწავლის მიზანს ემსახურებოდა. კომპანიებს შორის, ვინც პოტენციურად დაინტერესებულია ციფრული ლარის დანერგვის საკითხზე არიან ქართული ორგანიზაციებიც, ოღონდ უცხოელებთან პარტნიორობით. დამოუკიდებლად მხოლოდ ქართული კომპანია ამას რომ აკეთებდეს, ასეთს არ შევხვედრივართ“,- განაცხადა ლეჟავამ.

ციფრული ვალუტის დანერგვის პროცესში ქართული ფინტექ კომპანიების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელიც. დათო კიკვიძე მიიჩნევს, რომ პირველ რიგში, ეს ფაქტი ადგილობრივ ორგანიზაციებს გამოცდილების მიღებაში დაეხმარება.

თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ ციფრული ლარის პროექტის გაშვებისას ყურადღება საერთაშორისო კომპანიებთან მოლაპარაკებებზე უნდა გამახვილდეს.

„ეროვნულ ბანკს ძირითადი აქცენტი საერთაშორისო კომპანიებზე აქვს აღებული იქიდან გამომდინარე, რომ მათთან გამოცდილება ბევრად მეტია. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე კი გამოცდილებას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ქართულმა კომპანიებმა მიიღონ მონაწილეობა. ქართულ ბაზარზე არსებობს ორგანიზაციები, რომელთაც ამ პროცესში ჩართვის უნარი აქვთ. შესაძლოა, მთლიანად ტექნიკური გადაწყვეტა ვერ შესთავაზონ ეროვნულ ბანკს, თუმცა გარკვეული მიმართულებით ნამდვილად ჩაერთვებიან“,- განაცხადა კიკვიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას.

ბოლო წლებში ციფრული ვალუტა მსოფლიო ეკონომიკისთვის ტრენდული მიმართულება გახდა. გლობალურად ამ მიმართულებით უკვე 90-მდე ქვეყანა მუშაობს. დაახლოებით 8 მათგანმა ციფრული ვალუტა სატესტო რეჟიმშიც ჩაუშვა. მათ შორის მოწინავე ჩინეთია.

„ჩინეთმა ეკონომიკაში 1.5 მილიონის ციფრული იუანი ჩაუშვა. ეკონომიკაში მისი მიმოქცევა სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს. ბაჰამის კუნძულებიც ასევე აქტიურად ტესტავს ციფრულ ვალუტას. დანარჩენი ქვეყნებიც განვითარების ეტაპზე არიან, ხოლო სხვები კლვევის ეტაპზე და უახლოეს წლებში აქტიურად გეგმავენ მის დანერგვას“,- აღნიშნავს დათო კიკვიძე.

ფინტექ ასოციაციის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ საქართველოში ციფრული ვალუტის შექმნა ეკონომიკის წინსვლას შეუწყობს ხელს. ის განმარტავს, რომ გაფიცრულებული ლარი ხელს შეუწყობს იმ ხარჯების შემცირებას, რომელიც კომეციულ ბანკებსა და სხვა ფინანსურ ორგანოზაციებში განხორციელებული ტრანზაქციებისთვისაა საჭირო.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ მოიხმარს ციფრულ ლარს 2022 წლიდან, დათო კიკვიძე ფიქრობს, რომ ეს 20-დან 40 წლამდე ასაკობრივი სეგმენტი იქნება, ვისაც ფინანსურ ტექნოლოგიებთან ხშირი შეხება აქვს.

„აქედან სატესტო რეჟიმის განმავლობაში შესაძლებელი იქნება უკუკავშირისა და გამოცდილების მიღება, თუ რა პრობლემებს შეიძლება წააწყდნენ და რა იქნება გამოსასწორებელი.

რაც შეეხება ციფრული ვალუტის არსს, მან უნდა ჩაანაცვლოს ის შუამავლები, რომლებიც კლასიკური მოდელით მუშაობენ ფინანსურ სისტემაში. ეს ოპერაციები ზრდის სხვადასხვა დანახარჯს, კიბერუსაფრთხოების რისკს და რაც ყველაზე მთავარია, მომხმარებელს ფინანსურ დაწესებულებებზე დამოკიდებულს ხდის. ციფრული ლარი ეროვნული ბანკისთვის გარკვეული ბერკეტი იქნება მონეტარული პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით და მას აღარ დასჭირდება ბანკები იმისთვის, რომ ფულის ერთობლივ მოთხოვნაზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს. ჩვენი ქვეყნისთვის ფინანსურ სისტემაში დანახარჯების მინიმიზაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თითოეულ ლარს, რომელიც ტრანზაქციებთანაა დაკავშირებული, საბოლოოდ სწორედ მომხმარებელი იხდის“,- აცხადებს დათო კიკვიძე.