ბანკირები იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების საპროცენტო პირობების გამკაცრებას ელიან
საბანკო სფეროს სპეციალისტები წლის პირველ კვარტალში იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების საპროცენტო პირობების გამკაცრებას ელიან.
მოლოდინები ასახულია საკრედიტო პირობების კვლევის ანგარიშში, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებს.
კვლევის მიხედვით, ბანკირები მიმდინარე კვარტალში ბიზნესსესხებზე მოთხოვნის მცირედ შემცირებას ელიან, ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე მოთხოვნაზე კი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
ბიზნეს სესხებზებანკირები დაკრედიტების, საპროცენტო და არასაპროცენტო პირობების მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელიან. ამ ფონზე კი მათი ვარაუდით მოსალოდნელია უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხებისთვის
დაკრედიტების არასაპროცენტო პირობების გამკაცრება.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, მოთხოვნა ბიზნეს სესხებზე (როგორც საბრუნავი, ისე ძირითადი საშუალებების დაფინანსების მიზნობრიობით) გაიზარდა. ამ კატეგორიის სესხებზე მცირედ გამკაცრდა დაკრედიტების საპროცენტო და არასაპროცენტო პირობები, რაც რისკისადმი მიდრეკილების, ბანკის კაპიტალის, ფინანსური რესურსის ხარჯის ცვლილებითა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით იყო განპირობებული.
ბიზნეს სესხების ზრდა მნიშვნელოვანწილად კვლავ ეროვნული ვალუტით გაცემულმა სესხებმა განაპირობა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბიზნეს სესხების ზრდა სექტორულ ჭრილში დიდ წილად სოფლის მეურნეობის, მშენებლობის და ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორების დაკრედიტებამ განაპირობა.
მცირე და საშუალო ბიზნეს სესხებისთვის, საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით გაცემული სესხებისთვის, მცირედით 13.9%-მდე, გაიზარდა. რაც შეეხება უცხოური ვალუტით გაცემული სესხებს, ევროთი და დოლარით გაცემული სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა და 5.2% და 6.5% შეადგინა.
რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებს, მოთხოვნა მცირედით გაზრდილია.
ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების ზრდა მნიშვნელოვანწილად ეროვნული ვალუტით გაცემულმა სესხებმა განაპირობა, თუმცა მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, უცხოური ვალუტით დაკრედიტება 20%-მდე გაიზარდა.
"საბანკო სექტორის წარმომადგენლები 2022 წლის პირველ კვარტალში უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხებისთვის დაკრედიტების არასაპროცენტო პირობების გამკაცრებას ელიან. ეს მნიშვნელოვანწილად რეგულატორული ცვლილებებით იქნება განპირობებული. რაც შეეხება დაკრედიტების საპროცენტო პირობებს, ფიზიკურ პირებზე ეროვნული ვალუტით გაცემული სესხებისთვის მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხებისთვის მცირედით შემცირდა. საბანკო სექტორის წარმომადგენელთა აზრით, მომდევნო კვარტალში ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების საპროცენტო პირობების მცირედი გამკაცრებაა მოსალოდნელი", - ნათქვამია კვლევაში.
ბანკირები იპოთეკური სესხებისთვის დაკრედიტების არასაპროცენტო პირობების გამკაცრების მოლოდინს რეგულატორული ცვლილებების ფონზე ელიან. კერძოდ, იპოთეკურის სესხების პორტფელის დოლარიზაციის და მისგან მომდინარე რისკების შემცირების მიზნით, 2022 წლის იანვრიდან შემცირდა უცხოური ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების ვადიანობა 15-დან 10 წლამდე.
რაც შეეხება გასულ პერიოდს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, სესხის ვადიანობა ეროვნული ვალუტით და ევროთი გაცემული სესხებისთვის მცირედით შემცირდა, ხოლო დოლარი გაცემული სესხებისთვის მცირედით გაიზარდა. ამასთან, სესხის უზრუნველყოფის (LTV) და სესხის მომსახურეობის (PTI) კოეფიციენტები მცირედით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად უცხოური ვალუტით გაცემული სესხების წილის ზრდითაა განპირობებული.