ბანკებს სებ-ი Covered Bond-ზე ლიმიტს უწესებს
საპენსიო სააგენტოს 2 მლრდ-იან აქტივს ახალი ურისკო ინსტრუმენტი გამოუჩნდა.
სებ-ის მოლოდინით, ლარის COVERED BOND-ის ინვესტორი საპენსიო სააგენტო იქნება ანუ ის კატეგორია რომელსაც გრძელვადიანი საინვესტიციო პოლიტიკა გააჩნია. გლობალურად ამ კატეგორიაში გადის სადაზღვევო ბაზარიც, რაც საქართველოს რეალობაში მისი სიმცირის გამო გამოირიცხა.
სებ-ი საშუალოვადიან პერიოდში 1 მილიარდის განთავსებას ელის. სააგენტო საინვესტიციო პოლიტიკით ინვესტრებაში კი შეზღუდულია (10%-იანი რეგულაციით), თუმცა ბონდის რისკის დაბალი პროფილის გათვალისწინებით (თითქმის სახაზინო ობლიგაციასთან გათანაბრებული, საპროცენტო განაკვეთი კი ბონდის 40-50 საბაზისო პუნქტით მაღალია) შეზღუდვა მოიხსნება, ემიტენტისთვის კი შეზღუდვა წესდება.
ემისია ლიმიტირებულია, სებ-ი ზღვარს ემიტენტი ბანკის აქტივების 2-4%-ის ფარგლებში დააწესებს.
ლარის ბონდი თუ საპენსიო სააგენტოს დააინტერესებს, სავალუტო და შერეული ობლიგაციების ინვესტორად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მოიაზრება. ვალუტების სხვადასხვა კომპოზიცია (ევრო, დოლარი ლარი) განპირობებულია უზრუნველყოფაში ჩასადები პორტფელით.
ბაზარი რახანია ელის უძრავი ქონებით გამყარებული ფასიანი ქაღალდებისთვის COVERED BOND სავაჭრო მოედანს, რომელიც კაპიტალის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი და ურისკო ფასიანი ქაღალდია დაცვის ორმაგი მექანიზმით, კომერციული ბანკის პასუხისმგებლობით და უძრავი ქონებით, რომელიც ანაზღაურების გარანტია (რომც გაკოტრდეს ემიტენტი ბანკი).
როგორც იცით, კაპიტალის ბაზრის ახალი პლატფორმა თითქმის მზადაა. სექტემბრიდან კანონპროექტი პარლამენტშია და ბოლო აქტივობა იყო Moody's-სთან, რადგან საერთაშორისო სააგენტოს დადებითი დასკვნა მნიშვნელოვანიa.
საქართველოს ბაზრის სიმცირის გამო სინდიცირებასაც მოიაზრებენ, რომ ემისიის მოცულობა გაიზარდოს რამდენიმე ბანკის პორტფელის უზრუნველყოფით. ეს ბონდი მხოლოდ იპოთეკურით კი არა ბიზნესსესხებითაც არის გამყარებული, ვადიანობა კი უზრუნველყოფილი სესხის საშუალო ვადით განისაზღვრება.
ბანკირები აღნიშნავენ, რომ ამ პროდუქტის შეთავაზებით, საქართველო რეგიონში პირველი იქნება. ყველაზე აქტიურად COVERED BOND-ებით გერმანიაში ვაჭრობენ. ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელებულია. რამდენიმე წელია (2011 წელს შესაბამისი კანონის მიღების შემდეგ) აშშ-ი და კანადა მიუერთდა.
ამ დროისთვის კაპიტალის ბაზარი აქციებით საერთაშორისო ორგანიზაციების და კომპანიების ბონდებით, სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციებით არის წარმოდგენილი და მშპ-სთან მიმართებით უკვე 16%-ს აღწევს (2018 წლამდე კორპორაციული ობლიგაციების წილი 0.1%-საც ვერ აღწევდა).
ფასიანი ქაღალდებიდან 5.8 მლრდ ლარის სახაზინო ობლიგაციებია, 1.2 მლრდ ლარის საერთაშორისო საფინანო ინსტიტუტების ფასიანი ქაღალდები და 0.7 მლრდ-ის კორპორაციული ობლიგაციებია განთავსებული.