2.4 მლნ-ის დაზოგვით ჯანდაცვის პროგრამებში მეტი ბენეფიციარი ჩაერთვებოდა - აუდიტის ანგარიში
ბოლო წლებში ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის მოცულობა მნიშვნელოვნად იზრდება. აუდიტის სამსახურში მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვაზე დანახარჯების ზრდა არ არის ერთადერთი პირობა სახელმწიფოს მიერ ამ სფეროში დასახული მიზნების მისაღწევად და სერვისებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის. მნიშვნელოვანია, გამოყოფილი ფინანსური რესურსების პროდუქტიული და ეკონომიური განკარგვა.
აუდიტის სამსახურმა შეისწავლა პროგრამების დაფინანსების მექანიზმები საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიული და ეკნომიური განკარგვის შესაფასებლად. დაადგინა, რომ მედიკამენტებით უზრუნველყოფის, იშვიათი დაავადებების და დიაბეტის მართვის პროგრამების ფარგლებში 2017-2020 წლებში შესაძლებელი იყო საბიუჯეტო სახსრების, ჯამში 2.4 მლნ ლარის დაზოგვა, შედეგად კი, სახელმწიფო პროგრამებში მეტი რაოდენობით ბენეფიციარის ჩართვა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
უფრო დეტალურად, ვაუჩერულით ფინანსდება სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში განსაზღვრული შემდეგი მომსახურებები:
- დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამა − შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა მომსახურება;
- დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაცია − ჰემო და პერიტონეული დიალიზით
უზრუნველყოფა.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2017-2019 წლებში გამოვლინდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბენეფიციარებს არ მიუღიათ პროგრამით გათვალისწინებული სერვისები და მიუხედავად ამისა, სააგენტოს სრულად აქვს ანაზღაურებული ამ პაციენტთა ვაუჩერის ღირებულება. ასეთ ბენეფიციართა რაოდენობა სულ 33-ია, ხოლო ანაზღაურებული თანხა 45,268 ლარს შეადგენს. ჯამში სააგენტოს მიერ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიმწოდებლებისთვის 2017-2019 წლებში ანაზღაურებული თანხა 3 896 260 ლარს შეადგენს, მიმწოდებლების მიერ ბენეფიციარებისთვის გაწეული მომსახურებების ჯამური ღირებულება კი − 3 178 401 ლარია. სააგენტოს მიერ ანაზღაურებული 717 859 ლარის (18%) მომსახურება არ მიუღიათ ბენეფიციარებს, რაც ვაუჩერული დაფინანსების პირობებში დამატებითი მექანიზმის არარსებობის შემთხვევაში, იწვევს სახსრების არაპროდუქტიულად განკარგვას.
გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ანაზღაურდება იშვიათი დაავადების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი. ამ შემთხვევაშიც მომსახურება ანაზღაურდება ყოველთვიურად, წლიური ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 1/12-ისა.
ანგარიშის მიხედვით, 2017-2019 წლებში სააგენტოს მიერ გლობალური ბიუჯეტის პრინციპის პირობებში მიმწოდებლისთვის ანაზღაურებული თანხა 197 864 ლარს შეადგენს, საიდანაც ბენეფიციარებზე გაწეული მომსახურების ჯამური ფაქტობრივი ღირებულება 102 287 ლარია. მიმწოდებელზე ანაზღაურებულ თანხის 48%, ანუ 95 577 ლარის მომსახურება არ მიუღიათ ბენეფიციარებს.
სულ 2017-2019 წლებში ზემოაღნიშნული პროგრამების კომპონენტების ფარგლებში სააგენტოს მიერ მიმწოდებლებისთვის ანაზღაურებული თანხა 4,094,124 ლარს შეადგენს, საიდანაც ბენეფიციარებზე გაწეული მომსახურების ფაქტობრივი ღირებულება 3 280 688 ლარია. მათ შორის სხვაობა − 813 436 ლარი (20%), ეკონომიის რესურსია შესაბამისი მექანიზმების დანერგვის პირობებში.
გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ერთი და იმავე მომსახურების დაფინანსება ხორციელდება განსხვავებული მექანიზმითა და ღირებულებით. კერძოდ, როგორც ანგარიშშია ასახული, დიაბეტის მართვის პროგრამის სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის გათვალისწინებული მომსახურებების ნაწილს, რაც ერთ პაციენტზე შეადგენს 143 ლარს, სახელმწიფო ასევე აფინანსებს საყოველთაო
ჯანმრთელობის დაცვის გეგმური ამბულატორიული მომსახურების ფარგლებშიც.
დიაბეტის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გადახდილმა თანხამ იმ ბენეფიციარებზე, რომლებიც იმავე პერიოდში ასევე სარგებლობდნენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით 2017-2019 წლებში, შეადგინა 1 517 880 ლარი, რომლის ფარგლებში ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააგენტოს გააჩნდა რესურსი, დაეზოგა ბიუჯეტი 607 152 ლარის (40%) ოდენობით.
მნიშვნელოვანი განსხვავებებია ერთი პროგრამის ფარგლებში ერთი და იმავე სამედიცინო მომსახურების ღირებულებებში. კერძოდ, დიაბეტის პროგრამის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა კომპონენტით ენდოკრინოლოგის კონსულტაციის ღირებულებაა წელიწადში 288 ლარი, 4 ვიზიტი, ერთი ვიზიტის ღირებულება − 72 ლარი. ამავე პროგრამის სპეციალიზებული ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში ასევე ენდოკრინოლოგის მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია 60 ლარით, იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში ვიზიტების რაოდენობაა − 3, ერთი ვიზიტის ღირებულება კი − 20 ლარი.
2017-2019 წლებში სააგენტოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა კომპონენტის ფარგლებში ენდოკრინოლოგის კონსულტაციისთვის ანაზღაურებული აქვს თანხა 812 160 ლარის ოდენობით. აღნიშნულ მომსახურებაზე სპეცამბულატორიაში განსაზღვრული ფასის გათვალისწინების შემთხვევაში, რაც ერთ ვიზიტზე 20 ლარს შეადგენს, სააგენტოს შესაძლებლობა ჰქონდა დაეზოგა 586 560 ლარი.
2020 წლის 1 აპრილიდან 12 ოქტომბრამდე პერიოდში, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მედიკამენტებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში სააგენტოს მიერ ანაზღაურდა 4 162 879 ლარი. ამ პირობებში, სახელმწიფოს მიერ ჩამოყალიბებული ფასების გათვალისწინებით, არსებობდა 397 090 ლარის ეკონომიის შესაძლებლობა.
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ყოველწლიურად ახორციელებს ფოლიუმის მჟავის შესყიდვას. შესყიდული რაოდენობა 2017-2019 წლებში ყოველწლიურად 750 000 ერთეულს
შეადგენს. ჯამში აღნიშნულ პერიოდში სააგენტოს შესყიდული აქვს 33 750 ლარის ღირებულების 2 250 000 ერთეული ფოლიუმის მჟავა. მედიკამენტის ხარჯვის ანალიზით დგინდება, რომ ყოველწლიურად დიდია აუთვისებელი მედიკამენტების წილი, რაც ასევე იწვევს ვადაგასული ფარმაცევტული პროდუქტის არსებობას.
აუდიტის სამსახურის რეკომენდაციებია:
საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიული და ეკონომიური ხარჯვის მიზნით დიაბეტის მართვისა და საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში:
• განისაზღვროს პროგრამებით დაფინანსებული სერვისებისა და მედიკამენტების
ოპტიმალური ღირებულებები;
• დადგინდეს პროგრამებით გათვალისწინებული იდენტური სერვისები და შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები დანახარჯების მქონე სერვისის დაფინანსებას.
საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიული და ეკონომიური ხარჯვის მიზნით, დიაბეტის
მართვისა და იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შემუშავდეს და დაინერგოს დაფინანსების მოდელი ან/და არსებული მოდელის ფარგლებში განისაზღვროს დამატებითი მექანიზმები, რომელიც ბენეფიციარისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიულ ხარჯვას.