2022 წლის პროგნოზით ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 15 მლრდ-ზე მეტს შეადგენს
2022 წლის განახლებული პროგნოზით ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 15.2 მლრდ ლარს შეადგენს. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით, 2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2022 წლის საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი 17.6%-ით იზრდება.
მშპ-სთან მიმართებაში 2022 წელს საგადასახადო შემოსავლები 23.5%-ს შეადგენს და იგივე ნიშნულზეა შენარჩუნებული მომდევნო წლებშიც.
2022 წელს საგადასახადო შემოსავლების პროგნოზი გადასახადების სახეების მიხედვით:
საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4.6 მლრდ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 4.3 მლრდ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 340 მლნ ლარს.
2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შესარებით, საშემოსავლო გადასახადი გაზრდილია 25.2%-ით (926,7 მლნ ლარით).
"აღნიშნული მოცულობით ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად მოსალოდნელი გადაჭარბების, მომდევნო წელს ეკონომიკის ნომინალური ზრდის და მიმდინარე წელს არსებული საგადასახადო შეღავათის დასრულების ფისკალური ეფექტებით", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 1.4 მლრდ ლარით.
2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით მოგების გადასახადი გაზრდილია 42.9%-ით (408,2 მლნ ლარით).
"აღნიშნული მოცულობით ზრდა გამოწვეულია საფინანსო სექტორის მიერ გადასახდელი გადასახადების მაღალი მოცულობით. მიმდინარე წელს საფინანსო სექტორის მიერ გადახდილი მოგების გადასახადი მინიმალურია, ვინაიდან 2020 წელს სექტორში მოგება მცირე იყო. მიმდინარე წელს აღნიშნულ სექტორში მოგების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, რაც იწვევს 2022 წელს გადასახდელი მოგების გადასახადის ზრდას", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6.6 მლრდ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 5.3 მლრდ ლარს, ხოლო მუნიციპალიტეტების წილი 1.2მლრდ ლარს. (მუნიციპალიტეტების დღგ 2021 წელთან შედარებით იზრდება 143.8 მლნ ლარით).
2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით დღგ გაზრდილია 12.9%-ით (756,9 მლნ ლარით).
"აღნიშნული მოცულობით ზრდა გამოწვეულია მიმდინარე წელს, დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად მოსალოდნელი გადაჭარბების და მომდევნო წელს ეკონომიკის ნომინალური ზრდის ფისკალური ეფექტებით", - ნათქვამია ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში.
აქციზის საპროგნოზო მაჩვენებელი 1.9 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრა, 76.9
მლნ ლარით აღემატება 2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელს.
იმპორტის გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 84.1 მლნ ლარით, რაც 4.1 მლნ ლარით მეტია 2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელზე.
ქონების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 524.2 მლნ ლარს.
2021 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით ქონების გადასახადი 10.4%-ით (49.2 მლნ ლარით) იზრდება.
"აღნიშნული ზრდა დაკავშირებულია მომდევნო წლიდან 4 ტურიზმის სექტორისთვის დადგენილი შეღავათის ვადის ამოწურვასთან და მიმდინარე წლის ფაქტიური შესრულების დინამიკასთან", - წერია განმარტებით ბარათში.
სხვა გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 129.4 მლნ ლარით, რაც 49.4 მლნ ლარით მეტია მიმდინარე წლის გეგმიურ მაჩვენებელთან შედარებით.