19 მლრდ-დან მხოლოდ 4 მლრდ-ის დეპოზიტებია დაზღვეული
დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ 4 მლრდ ლარის დეპოზტებია დაზღვეული.
როგორც სააგენტოს ხელმღვანელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, საქართველოს საბანკო სექტორში ფიზიკური პირების 18.9 მლრდ ლარის დეპოზიტებია განთავსებული, საიდანაც მთლიანი მოცულობის 21.1% ანუ დაახლოებით 4 მლრდ-მდე ლარის დეპოზიტები დაზღვეულია.
„საერთაშორისო სტანდარტით ეს დამაკმაყოფილებელი მინიმალური ნიშნულია. სასიხარულოა, რომ სამი წლის განმავლობაში 21%-ზე მეტი დეპოზიტების დაზღვევა მოვახერხეთ,“ - განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, ფიზიკური პირების დეპოზიტების დაზღვევის ზღვარის 5 000 ლარიდან 15 000 ლარამდე გაზრდის შემდეგ საბანკო სექტორს ყოველთვიურად დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში ყოფნისთვის 2.5 მლნ ლარის გადახდა უწევს. სამი წლის მანძილზე სადაზღვევო ფონდში 65.7 მლნ ლარია აკუმულირებული. თანხები ორწლიან და ხუთწლიან სახაზინო ობლიგაციებშია ინვესტირებული და წლიურად 8%-იანი სარგებელი ერიცხება.
„ჩვენი საინვესტიციო მანდატიდან გამომდინარე მომგებიანობა არ არის წინა პლანზე წამოწეული. ჩვენი მიზანია სახსრების ინვესტირება პირველ რიგში უსაფრთხო, მეორე მხრივ კი ლიკვიდურ აქტივებში მოვახდინოთ და მხოლოდ მესამე რიგის ამოცანაა, რომ მომგებიანი იყოს ეს აქტივები. მომგებიანობა ჩვენი მანდატიდან გამომდინარე მესამე ფლანგზეა გადაწეული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში შეგვეძლოს მალევე მოვახდინოთ ჩვენი ფასიანი ქაღალდების გაყიდვა და მიღებული თანხით დეპოზიტარების გასტუმრება,“ - განაცხადა ოთარ ძიძიკაშვილმა.