"ვფიქრობ, CFD-ს მეორე აუქციონი დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში გამოცხადდება"
"ვფიქრობ, ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის (CFD) მეორე აუქციონი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გამოცხადდება,"-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ს" ეკონომიკისა და მგრადი განვითარების სამინისტროს მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე სხვადასხვა დოკუმენტებზე აქტიური მუშა პროცესი მიმდინარეობს. მისივე ვარაუდით, მეორე აუქციონი 600 მგვტ. სიმძლავრეზე გამოცხადდება.
"პირველი აუქციონი 300 მგვტ. სიმძლავრეზე გვქონდა გამოცხადებული, რაც ძალიან წარმატებული იყო. შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს, რომ მეორე აუქციონიც ასეთივე წარმატებული იქნება, ვინაიდან დაინტერესება ინვესტიციების განხორციელებაზე დიდია, როგორც ჩინელი, ასევე ევროპელი ინვესტორებისაგან.
დღეისათვის, ჩვენ ინტერესთა გამოხატვა გვაქვს, რომელიც ახალი 400 მგვტ-იანი კომბინირებული თბოელექტროსადგურის მშენებლობას გულისხმობს. ეს კი გაზრდის საიმედოობასა და სისტემურ სტაბილურობას, რაც ახალი ქარის, მზისა და სხვადასხვა ტექნოლოგიური ბიოთერმული ბიომასის ათვისებას უზრუნველყოფს, რათა სისტემა უფრო მძლავრი იყოს,"-აცხადებს მიქაუტაძე.
რაც შეეხება გენერაციის ობიექტების მშენებლობას, როგორც ეკონომიკისა და მგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე განმარტავს, აღნიშნული საკმარისი არ არის, რისთვისაც როგორც შიდა, ასევე გარე ინფრასტრუქტურის განვითარება, ანუ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მეზობელ ქვეყნებთანაც მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების განვითარებაა საჭირო. ამის მაგალითი, შავი ზღვის კაბელის მშენებლობაა, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მიქაუტაძის ცნობით, რამდენიმე თვეში დოკუმენტი უნდა მიიღონ, რომელიც მის მიზაშეწონილობას განსაზღვრავს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში 0.5 მგვტ-მდე არსებული სიმძლავრის (ქარი,წყალი,მზე) მშენებლებს დამატებითი სტიმული მისცა. აღნიშნული გულისხმობს, რეფინანსირების განაკვეთის მინუს 5%-ის პროექტის ხანგრძლივობის ფარგლებში გადახდას. გარდა ამისა, სახელმწიფომ საგარანტიო ვალდებულებებიც თავის თავზე აიღო, რომლის შესრულება კერძო და პატარა ენერგიების მშენებლებს გაუჭირდებოდათ.
შეგახსენებთ, ენერგეტიკის ხელშემწყობ პირველ CFD აუქციონში, 24-მა კომპანიამ გაიმარჯვა. პირველ აუქციონზე მთავრობამ 300 მგვტ სიმძლავრის პროექტები გამოიტანა.