"თუ ჰესი არ გვინდა, არ გვინდა ენერგოდამოუკიდებულება და ეს ქვეყნისთვის გამოსავალი არ არის"
GALT&TAGGART-ის უფროსი ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილის შეფასებით, ენერგეტიკის დარგში მთავარი გამოწვევაა ენერგიის მზარდი მოხმარება, მისი დაკმაყოფილება კი, უფრო მეტად იმპორტის ხარჯზე ხდება, ვიდრე ადგილობრივი გენერაციის ზრდის.
როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ადგილობრივი გენერაცია არასაკმარისი ტემპით იზრდება.
“ბოლო 5 წლის საშუალო რომ ავიღოთ, მოხმარების ზრდა არის 4.5%, გენერაციის ზრდა კი, 3%. მოხმარება უფრო მეტი ტემპით იზრდება, ვიდრე ადგილობრივი გენერაცია. აგრეთვე, ენერგოსექტორში ახალი მშენებლობები ისეთი ტემპით ვერ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს“,- აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას რესურსების ათვისების საკმაოდ მაღალი პოტენციალი აქვს, ის მაინც ნელი ტემპით მიმდინარეობს.
“ქვეყანაში საკმაოდ დიდი რესურსი და პოტენციალია, თუმცა ჰიდროსადგურების მიმართულებით ათვისებულია ქვეყნის შესაძლებლობების 20%-25%, სხვა განახლებად ენერგიაში კი თითქმის საერთოდ არ გვაქვს ათვისებული“,- აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.
რაც შეეხება ჰესების გავლენას გარემოზე, მარიამ ჩახვაშვილი ამბობს, რომ ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები. ეს ყველაფერი შეწონილი უნდა იყოს და მშენებლობაზე გადაწყვეტილებაც ისე მიიღონ.
„რა თქმა უნდა ნებისმიერ მშენებლობას, ნებისმიერ შენობას თავისი გავლენა აქვს გარემოზე. სულ რომ კორპუსი იყოს, იმასაც რაღაც გავლენა აქვს გარემოზე, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. და ეს ყველაფერი შეწონილი უნდა იყოს და გადაწყვეტილებაც ისე უნდა იყოს მიღებული. ასეთი პროტესტია - არცერთი არ გვინდა, მაშინ უნდა გვინდოდეს სრულად იმპორტდამოკიდებულება, რაც მგონია, რომ არ უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის გამოსავალი. რაც შეეხება ზოგადად ჰესები რამდენად ზიანს აყენებს გარემოს, რაღაცას აუცილებად აყენებს. მაგრამ, ბოლო 5 წლის განმავლობაში გარემოს დაცვითი რეგულაციები ისეა გამკაცრებული, რომ ბევრი პროექტი ფიზიკურად ვერ გადადის შემდეგ ეტაპზე, რადგან გამკაცრებულ რეგულაციებს ვეღარ აკმაყოფილებენ. მე მჯერა, ვინც გადადის მშენებლობის ეტაპზე, იმას ნორმალურად აქვს მოწესრიგებული გარემოს დაცვითი საკითხები, რადგან სხვა შემთხვევაში ფიზიკურად ვერ აიღებდნენ ნებართვას“,- აღნიშნა მარიამ ჩახვაშვილმა.
მარიამ ჩახვაშვილი მიიჩნევს, რომ ჰესების მნიშვნელობასთან დაკავშირებით მოსახლეობის ცნობიერება ასამაღლებელია.
„არის თუ არა მოსახლეობასთან კომუნიკაციის პრობლემა, ამას პასუხი ინდივიდუალური პროექტის მიხედვით უნდა გაეცეს და არა ზოგადად, რადგან სხვადასხვა პროექტზე სხვადასხვა ტიპის კომუნიკაცია აქვთ ხოლმე. თვითონ ადგილობრივებიც დაინტერესებულები უნდა იყვნენ, რადგან ტარდება საჯარო განხილვები, თუ არ მივიდა მოსახლეობა, კარდაკარ ხომ არ დაივლიან. ესეც რთული საკითხია, რა დონეზე უნდა იყოს ჩართული ინვესტორი, ან მთავრობა. მთლიანობაში გასაზრდელია მოსახლეობის ცნობიერება - ადამიანს უნდა ესმოდეს რა არის ჰესი, რა არის ქარის სადგური, რატომ არიან ესენი ჩამნაცვლებელი, ან არაჩამნაცვლებელი. ზოგადი განათლების დონეა ქვეყანაში ასაწევი და ამაში უნდა იაქტიურონ ექსპერტებმა, იმათ, ვინც დარგში ერკვევა, მაღალი უნდა იყოს მედიის ჩართულობა“,- განაცხადა მარიამ ჩახვაშვილმა.
მისი თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანამ ენერგოდამოუკიდებლობას მიაღწიოს, მნიშვნელოვანია, დაწყებული მშენებლობა დასრულდეს, არაფერმა შეუშალოს ხელი და თავის დროზე შევიდნენ ექსპლუატაციაში.
“თუ ოდესმე დადგა დრო, რომ მოხმარებას გადაასწრო გენერაციამ, შეიძლება ეს იყოს ქვეყნის საექსპორტო რესურსი, თუმცა ახლა რა ტემპებითაც მიდის მშენებლობა და განვითარება, ეს თეორია შორს არის ამ რეალობასთან“, - განაცხადა მარიამ ჩახვაშვილმა.