სერგეი ლავროვი: ჩინეთში რუსულ გაზზე მოთხოვნა იზრდება
რუსული გაზის ექსპორტი ჩინეთში პრობლემას არ წარმოადგენს ყაზახეთისა და თურქმენეთისთვის - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს.
მისი თქმით, რუსული გაზის ექსპორტი ჩინეთში არ შეუქმნის პრობლემებს ყაზახეთსა და თურქმენეთს, რადგან ჩინეთში გაზზე მოთხოვნა ძალიან მაღალია.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საკუთარი სისტემა ჩინეთში გაზის ექსპორტისთვის. ჩვენ არავის ვუქმნით პრობლემებს. ჩინეთის საჭიროებები ისეთია, რომ ყველას შეუძლია ისარგებლოს. არავინ - არც ყაზახეთი, არც თურქმენეთი და არც სხვა ქვეყანა ამ თამაშს არ გამოეთიშება. არსებობს სრული გაგება რუსეთსა და ცენტრალურ აზიას შორის ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობის შესახებ და არის მთელი რიგი კონკრეტული პროექტები, რომლებიც ძალიან პერსპექტიული და გრძელვადიანია. ისინი უზრუნველყოფენ ჩვენი ეკონომიკის მდგრადობას”- განაცხადა ლავროვმა.
მანამდე, რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ ჩინეთში კომპანიის გაზის იმპორტი წელს ნახევარზე მეტად გაიზარდა.
„გაზპრომის“ ბუნებრივი გაზის ექსპორტი, რომელიც მანამდე ძირითადად ევროპაში ხორციელდებოდა, გასულ წელს თითქმის განახევრდა - დასავლეთმა უკრაინაში მოსკოვის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ და ბალტიის ზღვის ქვეშ მდებარე Nord Stream გაზსადენებზე აუხსნელ აფეთქებებს ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.
რუსეთმა, რომლის ეკონომიკა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ნავთობის სასაქონლო გაყიდვებზე, ნავთობის ექსპორტი ევროპიდან აზიასა და სხვა რეგიონებში გადაიტანა. ის ჩინეთს გაზს Power of Siberia მილსადენით აწვდის.
გასულ წელს მისმა ექსპორტმა ამ მარშრუტით 15 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია, 2023 წელს 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას გეგმავს.