ენერგეტიკა
06/09/2023

"საწვავზე ფასის მატება სავარაუდოდ, ოქტობრამდე გაგრძელდება"

ბოლო 1 თვის განმავლობაში საწვავის ფასი მუდმივად იზრდება.

როგორც კომპანია "სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელმა, ზაალ იაკობიძემ გადაცემა "ბიზნეს პოსტს“ განუცხადა, საწვავის მაღალ ფასს რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი, ბაზარზე არსებული დეფიციტია.

მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მატება შეინიშნება. ამ დროისათვის კი, პლატცის მაჩვენებლის მიხედვით, 1 ტონა ბენზინის ფასი 952 დოლარია, ხოლო 1 ტონა დიზელის ფასი 910 დოლარს შეადგენს, რაც წინა პერიოდთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია.

"სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებლის მტკიცებით, ამასთან პრობლემაა რუსეთის ბაზარზე გაზრდილი ფასები და შემცირებული ექსპორტი, ვინაიდან, როგორც იაკობიძე აღნიშნავს, ადგილობრივ, რუსულ ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია, შესაბამისად ბაზარზე დეფიციტი, პირდაპირპროპორციულად ფასის მატებას იწვევს.

„სავარაუდოდ საწვავზე ფასის მატება სექტემბრის თვესა და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე კვლავ გაგრძელდება. თუ სექტემბერში ეს დეფიციტი გაგრძელდება, მაშინ ქვეყანა სხვა მოწოდების არხებზე უნდა გადაეწყოს,"-აცხადებს იაკობიძე.

რაც შეეხება დიზელის საწვავს, კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებლის განმარტებით, რუსეთის ბაზარს დიზელის საწვავზე გავლენა არ აქვს, იქიდან გამომდინარე, რომ პარალელურად აზერბაიჯანის ბაზარია გახსნილი და ქვეყანაში დიზელის ტიპის საწვავი აქტიურად შემოდის.

ცნობისთვის, დღეის მდგომარეობით, საქართველოში ბრენდირებული მსხვილი კომპანიების ბენზინგასამართ სადგურებზე, 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები ასე გამოიყურება:  სუპერის ტიპის ბენზინი - 3.68-3.70 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2.95 -3.09 ლარი, ხოლო რეგულარის ტიპის ბენზინის ფასი 2.73 -2.82 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 3 ლარიდან 3.12 ლარამდეა.