ენერგეტიკა
04/04/2022

საქართველოს მოლოდინი ნავთობისა და გაზის პოტენციურ მარაგებზე

ავსტიული კომპანია OMV Petrom შავი ზღვის შელფზე გემის შემოყვანას და ფართომასშტაბიანი კვლევების დაწყებას გეგმავს. 

საქართველოს ნავთობისა და გაზრის ეროვნული სააგენტოს დირექტორის განცხადებით, კომპანიასთან ხელშეკრულება წინა წელს გაფორმდა, რომლის ვადაც 25 წელია. ხელშეკრულების პირველი ეტაპი ითვალისწინებდა გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის მომზადებას, რაც კომპანიამ უკვე შეასრულა.

"შემდეგი ეტაპია შავ ზღვაში საკვლევი გემის შემოყვანა, რომელიც ორ და სამ განზომილებიან სეისმურ კვლევებს ჩაატარებს და ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეირჩევა წერტილი, სადაც უნდა მოხდეს პირველი ჭაბურღილის გაბურღვა. რაც შეეხება ვადებს, უკვე წელს მოხდება გემის შემოსვლა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში",- განაცხადა "ბიზნესპარტნიორის" ეთერში გიორგი ტატიშვილმა. 

მისი თქმით, კონტრაქტორის შესარჩევად გამოცხადებული ტენდერი დასასრულს უახლოვდება. 

"წლის ბოლომდე დასრულდება საველე სამუშაოები. რაღაც პერიოდი დასჭირდება მიღებული მასალების ინტერპრეტაციას და დამუშავებას. სავარაუდოდ 2024 წელს უკვე შერჩეული იქნება ბურღვის წერტილი, სადაც ასევე გემიდან მოხდება ჭაბურღილის გაბურღვა. 

კონკრეტულ მარაგებზე საუბარი ნაადრევია, სანამ ჭაბურღილის გაბურღვა არ მოხდება. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ პოტენციურ რესურსებზე, რომელიც გახდა იმის საფუძველი, რომ OMV Petrom-ს საქართველოში შემოსვლის გადაწყვეტილება მიეღო. აღსანიშნავია ერთი რამ, რომ OMV Petrom-მა შავ ზღვაში აღმოაჩინა "დომინოს" საბადო, რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში. ალბათ, როდესაც საბადო დამუშავების პიკზე გავა, შესალოა, რეგიონში გაზის მიწოდების და მოხმარების სურათი შეიცვალოს. წინასწარი მონაცემებით, საქართველოში არსებული ის პოტენციური სტრუქტურები, სადაც შეიძლება გაზი იყოს დაგროვებული, არაფრით ჩამოუვარდება "დომინოს" აღმოჩენას. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამ აღმოჩენის დამუშავების პიკზე გასვლისას ჩვენ არა მარტო ჩვენს მოთხოვნილებას დავაკმაყოფილებთ, არამედ შესაძლოა ექსპორტიც განვახორციელოთ", - განაცხადა გიორგი ტატიშვილმა. 

ცნობისთვის, რუმინულ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალი ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. ბიუჯეტი საქართველოს პროექტისთვის შეადგენს 30 მლნ აშშ დოლარს.

„OMV PETROM"-ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი „OMV"-ის შვილობილი კომპანია. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს" საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV - ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია.