ენერგეტიკა
06/04/2022

როგორ შეცვალა რუსულმა აგრესიამ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული გეგმები

ევროპის რამდენიმე ქვეყანას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმები შეეცვალა.

მიზეზი უკრაინაში მიმდინარე ომი და ოკუპანტების აგრესიის საპასუხოდ, რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირებაა. ჩეხეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, იტალია და გერმანია არსებული ენერგომოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ ალტერნატივად, მოკლევადიან პერიოდში, ქვანახშირის მოპოვებისა და წარმოების მასშტაბის ზრდას განიხილავენ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში შიშობენ, რომ ეს სტრატეგია გრძელვადიან პერიოდში რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას არა თუ შეამცირებს, არამედ გაზრდის. ეს კი განვითარებული ქვეყნების გეგმებში სულაც არ შედის. განსაკუთრებით კი ევროპული მწვანე შეთანხმების ფონზე, რომლის მიზანი 2030 წლისთვის ატმოსფეროში გაფრქვეული სათბური აირების 40%-ით შემცირება, ხოლო 2050 წლისთვის კლიმატნეიტრალურობაა.

"უკრაინაში რუსეთის ომი რისკის ქვეშ აყენებს საკვებისა და ენერგეტიკის გლობალურ ბაზრებს, რასაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს კლიმატის დღის წესრიგზე. თუ უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნები მოკლევადიან პერიოდში კვლავ ეცდებიან რუსული წიაღისეული საწვავის სხვა ქვეყნის წიაღისეულით ჩანაცვლებას, ეს გრძელვადიან პერიოდში რუსულ პროდუქტზე დამოკიდებულების კიდევ უფრო გაზრდის. დაიხურება ფანჯარა პარიზის შეთანხმების მიზნებისთვის. ამ ომის გამო წიაღისეული საწვავის გამოყენების დაჩქარება სიგიჟეა",- განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა. 

მსგავსია ქართველი სპეციალისტების აზრიც. ფიქრობენ, რომ რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირებას კლიმატის ცვლილებაზე დადებითი გავლენა მხოლოდ ზოგადი მოხმარების შემცირებით და განახლებადი ენერგორესურსების სტიმულირებით ექნება.

"ევროკავშირში წიაღისეული ენერგორესურსების მოხმარების თვალსაზრისით პირველ ადგილს ენერგეტიკის სექტორი იკავებს. წამყვანი ქვედარგი ტრანსპორტის სექტორია. 2019 წლის მონაცემებით, ევროკავშირის ენერგიის ჯამურ მოხმარებაში დაახლოებით 41% ნავთობპროდუტების წილი იყო. ამ მაჩვენებლის დაახლოებით 90% კი იმპორტირებულია. იმპორტის ძირითადი წყარო არის რუსეთი. კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ნავთობპროდუქტების მოხმარება შემცირდეს.

რუსულ ნავთობპროდუქტებზე დამოკიდებულების შემცირებას კლიმატის ცვლილებებზე იმ შემთხვევაში ექნება დადებითი ეფექტი, თუ ევროკავშირი ამ შემცირებას მოახდენს ადგილობრივი განახლებადი ენერგორესურსების სტიმულირებით, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვით და თავისი მოხმარების შემცირებით. მაგრამ თუ ის ეცდება, რომ რუსეთზე იმპორტდამოკიდებულება ჩაანაცვლოს სხვა უფრო შორ მანძილზე არსებული მიწოდების წყაროებით და მოხმარებას იგივეს დატოვებს, ეს კლიმატის ცვლილებებზე დადებით გავლენას ვერ იქონიებს",- განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" WEG-ის (World experience for Georgia) ენერგეტიკისა და კლიმატის საკითხების მკვლევარმა, გიორგი მუხიგულიშვილმა. 

2021 წელს ქვანახშირის გაზრდილი მოპვების გამო ატმოსფეროში ენერგეტიკულ სექტორთან დაკავშირებული CO2-ის ემისიები 6%-ით გაიზარდა. ანუ, ჰაერში 37 მილიარდ ტონამდე ნახშირორჟანგი გაიფრქვა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემების თანახმად, ამ მაჩვენებელმა გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

"რუსული ნავთობპროდუქტებისგან ევროპის გათავისუფლება აუცილებლად მოიტანს შედეგებს კლიმატის ცვლილების თვალსაზრისით. მოლოდინია, რომ განახლებადი ენერგიების მიმართულებით საკმაოდ აგრესიული საინვესტიციო პოლიტიკა განხორციელდება. მსოფლიო ომმა გააერთიანა და უნდა ვიმედოვნოთ, რომ ერთიანი დარჩება იმ დიდი გამოწვევის წინაშეც, რომელსაც კლიმატის ცვლილება ჰქვია. განვითარებული ქვეყნები მალე უნდა ჩაეხსნან რუსულ ნავთობპროდუქტებს",- აღნიშნავს "ბიზნესპარტნიორთან" CENN-ის (კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელი) გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი. 

ევროკავშირი 2030 წლისთვის რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტის სრულად შეწყვეტას გეგმავს. რუსულ ნავთობსა და გაზზე უარი თქვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც. განვითარებული ქვეყნები იმედოვნებენ, რომ ეს ნაბიჯები დადებით გავლენას იქონიებს კლიმატის ცვლილების შერბილებაზეც. საერთაშორისო საზოგადოება კი მათ ამ მიზნის მისაღწევად ფსონის დადებას განახლებად ენერგიებზე ურჩევს.