ენერგეტიკა
30/01/2021

რეალური ვაჭრობის დაწყების მოლოდინში - როგორ მუშაობს სატესტო რეჟიმში ენერგეტიკული ბირჟა

ენერგეტიკულმა ბირჟამ ამ დროისთვის უკვე 4 სატესტო ვაჭრობა ჩაატარა. სიმულაციურ პროცესში მონაწილეობას 40-მდე კომპანია იღებდა. ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი შედეგებით კმაყოფილია. როგორც ირინა მილორავა „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პლატფორმიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია.

„სატესტო რეჟიმი 1-ელი სექტემბრიდან დაიწყო. ის ბირჟის მხრიდან რამდენიმე აქტივობას მოიცავს. ეს იყო ტრენინგები, ანუ მხარეებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდება, თუ რას აკეთებს ბირჟა, როგორია სავაჭრო პლატფორმა, რა პროდუქტები ივაჭრება და ასევე, ეკონომიკური საფუძვლები. მეორე ნაწილი უშუალოდ ვაჭრობა და მასში მონაწილეობის მიღებაა. დაინტერესება მაღალია. თავიდან 100-მდე კომპანია და ფიზიკური პირი ჩაერთო. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება, რომ თუნდაც დღეს მოგვმართოს და მონაწილეობა მიიღოს სიმულაციურ რეჟიმში. დავიწყეთ სატესტო ვაჭრობები და ასეთი უკვე ოთხი ჩატარდა. ყველა სატესტო ვაჭრობას წინ უძღვის წინა ვაჭრობის შედეგების გაანალიზება. ჯერჯერობით ამ პროცესის მიზანი ის არის, რომ მონაწილეებმა ისწავლონ პლატფორმასთან ურთიერთობა, სწორად გააკეთონ განაცხადები, სწორად შეაფასონ სავაჭრო პოზიცია. ამისთვის მათ კონკრეტულ სცენარებს ვაძლევთ, რომელიც ჯერჯერობით რეალურ სცენართან ახლოს არ არის. პროგრესი აშკარაა, დაინტერესება ისევ მაღალია. დაახლოებით 35-დან 40 კომპანიამდე მონაწილეობს, მაგრამ ესენი არსებული კომპანიები არიან, რომლებიც პრაქტიკულად ფარავენ ბაზრის თითქმის 90%-ს“,- განმარტა მილორავამ.

მისივე თქმით, ამ რეჟიმში მუშაობას ბირჟა მაისამდე გააგრძელებს.

„გაზაფხულზე უკვე ვგეგმავთ, რომ ვაჭრობები იყოს არა ამ ფორმატში, არამედ რეალურმა მონაწილეებმა ივაჭრონ რეალური განაცხადებით. ანუ, რასაც ისინი მეორე დღეს ელოდებიან, ზუსტად იმ ტიპის განაცხადები წარადგინონ ბირჟაზე. უკვე მაისიდან ვგეგმავთ, რომ ამ ტიპის ვაჭრობები არა მარტო ბირჟაზე, არამედ ბაზრის სხვა სეგმენტებზეც იყოს. ეს არის ორმხრივი ხელშეკრულებებისა და საბალანსო ბაზარი. ამის შემდეგ უკვე რეალურ დროში დავინახავთ, როგორ ხდება ფასის ფორმირება, როგორ იქცევიან მონაწილეები და ა.შ. ეს ხდება იმისთვის, რომ 1-ელ ივლისს მაქსიმაურად მომზადებულები შევხვდეთ“,- განმარტა ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა.

ირინა მილორავას ინფორმაციით, ამავე პროცესში კომპანიებს სერტიფიცირების საფეხურის გავლაც მოუწევთ.

ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მონაწილეების მიერ სწორი განაცხადების წარდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. ბაზარი პატარაა და ერთმა არასწორმა განაცხადმა, შესაძლებელია არასწორი ფასი დასვას და არასწორი საფასო სიგნალები მიაწოდოს იმ პირებსა და კომპანიებს, ვისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გეგმები გვაქვს 1-ელ ივლისამდე და შემდეგ ბირჟა უკვე რეალურ რეჟიმში ამუშავდება“,- აცხადებს მილორავა.

Businesspartner