ენერგეტიკა
09/03/2023

რა არის განახლებადი ენერგია, რატომ არის იგი მნიშვნელოვანი

300 წლის წინ შეშა ქვანახშირმა ჩაანაცვლა, რამაც ადამიანებს ენერგიის წარმოების სრულიად ახალი შესაძლებლობები და მასშტაბები მისცა. შემდეგი ნაბიჯი, რომელმაც მსოფლიოში რევოლუციური ცვლილებები გამოიწვია, ელექტროენერგიის აღმოჩენა იყო. მე-19 საუკუნის ამ მიგნებამ მეცნიერებს ელ. ენერგიის გამომუშავების უამრავი მეთოდის აღმოჩენისკენ უბიძგა. ელ. ენერგიას საუკუნეზე მეტია სხვადასხვა წყაროებიდან ვიღებთ, თუმცა მათი დაყოფა ორ განსხვავებულ კატეგორიადაა შესაძლებელი: განახლებად და არაგანხლებად ენერგიის წყაროებად.

1. არაგანახლებადი ენერგია

არაგანახლებადი ენერგია არის წიაღისეული საწვავი, რომელიც დედამიწის არსებობის დროიდან წიაღში ცხოველური და მცენარეული ნარჩენების დალექვით წარმოიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ წიაღისეული საწვავის უამრავი საბადოა აღმოჩენილი, მათი მთლიანი რესურსის შეფასება შეუძლებელია და ჩვენც შესაბამისად არ შეგვიძლია დავთვალოთ კიდევ რამდენ ხანს გვეყოფა ეს რესურსი, იმისთვის რომ დედამიწის მზარდი მოსახლეობის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 21-ე საუკუნის ბოლოს კაცობრიობის რიცხვი 10-12 მილიარდს მიაღწევს, ბუნებრივია, მოსახლეობის ზრდა ენერგიაზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს, გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების წყარო კი განახლებადი ენერგია უნდა გახდეს.

ამასთან ერთად, წიაღისეული რესურსების საწვავად გამოყენება გარემოზე მნიშვნელოვან უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. წიაღისეული საწვავის გამოყენება გლობალური დათბობისა და კლიმატის ცვლილების პროცესს აჩქარებს. მათი წვის დროს ადგილი აქვს მავნე ნივთიერებების ჰაერში გაფრქვევას, ანუ ემისიას. ეს მავნე ნივთიერებები „სათბურის ეფექტს” ქმნის და დედამიწის ზედაპირის ტემპერატურის ზრდას უწყობს ხელს. „სათბურის ეფექტის“ არსი შემედეგში მდგომარეობს: მზე ათბობს დედამიწის ზედაპირს და ატმოსფეროს, ამ სითბოს 70% კი კოსმოსში უნდა დაბრუნდეს. წიაღისეული საწვავის წვისას გაფრქვეული სათბური გაზები, როგორიცაა, ნახშირორჟანგი, მეთანი და სხვა აირები, ატმოსფეროს გარს ეკვრის და შემოსული მზის სხივების კოსმოსში დაბრუნებას ხელს უშლის, ინახავს სითბოს, ანუ ქმნის „სათბურის ეფექტს“, შედეგად კი დედამიწაზე ტემპერატურა იზრდება.

გარემოს დიდ ზიანს აყენებს არამხოლოდ წიაღისეული საწვავის წვა, არამედ მისი მოპოვებაც. წიაღისეული საწვავის მიწიდან ამოღების ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: სამთო მოპოვება და ბურღვა. სამთო მოპოვება გამოიყენება მყარი წიაღისეული საწვავის, ქვანახშირის მოსაპოვებლად, დამარხული რესურსების გამოვლენის გზით. ბურღვის მეთოდით კი მოიპოვება თხევადი ან აირადი საწვავი, როგორიცაა ნავთობი და ბუნებრივი აირი. ორივე პროცესი უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.

აღსანიშნავია, რომ წიაღისეული საწვავის მოხმარების შემდეგ, მისი ნარჩენების სამართავად საჭიროა უზარმაზარი ტერიტორიები, სადაც ნარჩენები განთავსდება, რაც ამ ტერიტორიებს სამომავლო გამოყენებისთვის შეუთავსებელს ხდის.

არაგანახლებადი ენერგია თბოელექტროსადგურებსა და ატომურ სადგურებზე წიაღისეული საწვავი რესურსების - ბუნებრივი გაზის, ქვანახშირისა და ურანის წვით გამომუშავდება.

2. განახლებადი ენერგია

იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რის წინაშეც არაგანახლებადი ენერგიის გამოყენება გვაყენებს, თანამედროვე სამაყროში აუცილებელი გახდა არაგანახლებადი ენერგიის წყაროების სხვა ალტერნატიული წყაროთი ჩანაცვლება.

განახლებადი ენერგია ქარის, წყლის, მოქცევის და უკუქცევის, მზის სინათლის, გეოთერმულ და ბიოენერგიებს წარმოადგენს. განახლებადი ენერგიის მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ წიაღისეული რესურსებისგან (ნავთობი, ქვანახშირი და სხვა) განსხვავებით, ის ამოუწურავია.

ამავე დროს, განახლებადი ენერგია გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს. წიაღისეულისგან განსხვავებით, განახლებადი რესურსის მოპოვებას არ სჭირდება გარემოში დამატებითი ჩარევები - სამთო გათხრები თუ ბურღვა, არც მისი დიდ მანძილზე ტრანსპორტირებაა აუცილებელი. განახლებადი ენერგიის გამოყენებისას ფაქტობრივად არ ხდება სათბური გაზების გამოყოფა, რაც წიაღისეულის შემთხვევაში კლიმატის ცვლილებას იწვევს. 

შესაბამისად, განახლებადი ენერგიის მეშვეობით ჩვენ შევძლებთ ელ. ენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას ისე, რომ გარემოს მინიმალური ზიანი მიადგეს.  სწორედ ამიტომ, არაგანხლებადი ენერგიის განახლებადი ენერგიით ჩანაცვლება და ელ. ენერგიის უფრო ეფექტური გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარდაქმნაა, რაც კაცობრიობამ უნდა განახორციელოს. 

მსოფლიოს განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნები აქტიურად მუშაობენ არაგანახლებადი ენერგიიდან განახლებად ენერგიაზე გადასვლაზე. ევროკომისიის შეთავაზებით, ევროპის განახლებადი ენერგიის წილი საბოლოო ენერგომოხმარებაში წლევანდელი 22%-დან 2030 წლისთვის 40%-მდე უნდა გაიზარდოს. ეს ნიშნავს, რომ ევროპამ ქარის და მზის ახალი სადგურები უნდა დაამონტაჟოს. ჰიდროენერგიის რესურსი განვითარებულ ქვეყნებში ძირითადად ათვისებულია, თუმცა, რადგან ჰიდროენერგეტიკა ყველაზე სტაბილურ და იაფიან განახლებადი ენერგიის წყაროდ მიიჩნევა, მისი ათვისება განვითარებად ქვეყნებში აქტიურად მიმდინარეობს.

 

"ბანკები და ფინანსები" 

Businesspartner