ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე გაორმაგდა
ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართული ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე გაორმაგდა.
ბოლო მონაცემებით, მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 35 მეგავატია. საქართველოში 725 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური ოპერირებს. მათ შორის 513 ჩართულია "ენერგო პრო ჯორჯიას", ხოლო დანარჩენი 212 - "თელასის" ქსელში.
სემეკის ინფორმაციით, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების აბსოლუტური უმრავლესობა მზის ენერგიაზე მუშაობს. როგორც სემეკის იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი სალომე ჯანელიძე განმარტავს, მხოლოდ ორი მიკროსადგურია რომელიც მუშაობს ქარის, ხოლო ათი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური წყლის ენერგიაზე.
„ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართვის კუთხით განსაკუთრებით მაღალი აქტივობა ბოლო ერთწლიან პერიოდში დაფიქსირდა. დასაწყისში, მომხმარებელთა ინტერესი დაბალი იყო, თუმცა როდესაც გააცნობიერეს თუ რა შესაძლებლობას სთავაზობდა მათ ეს ნეტო აღრიცხვა მათი ჩართულობა გაიზარდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თითქმის გაორმაგდა დადგმული სიმძლავრე. მიკროსიმძლავრის სადგურები კი დიდწილად რეგიონებშია განლაგებულია,"-აღნიშნა სალომე ჯანელიძემ.
ნეტო აღრიცხვის პროგრამა 2016 წლიდან მოქმედებს და ის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ქსელში გადადინებისა და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ორმხრივად აღრიცხვის პროცესია.
პროგრამა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაზოგონ კომუნალური ხარჯები. ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთარ ან სხვის ტერიტორიაზე აქვს მზის, ქარის ან წყლის ენერგიაზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომლის სიმძლავრე არ აღემატება 500 კილოვატს, შეუძლია ჩაერთოს ნეტო აღრიცხვის ქსელში.
გამომუშავებული ენერგია თავადვე მოიხმაროს, ჭარბი ენერგიის შემთხვევაში კი მიაწოდოს იგი ქსელში, რომელიც თვის ბოლოს მოსულ ქვითარში აისახება დადებით ბალანსად კვტ.სთ-ებში.