ენერგეტიკა
17/12/2021

ენგურჰესის როლი ენერგეტიკული ბირჟის ფუნქციონირებაში

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება 2022 წლის პირველ მარტისთვის იგეგმება. ბირჟის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებით საინტერესო ენგურჰესის როლია, რომელიც, როგორც ვიცით, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორისთვის, რადგან წარმოადგენს იაფი ელექტროენერგიის წყაროს.

საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც წარმოიშვა იმის საშიშროება, რომ დაახლოებით ექვს დღეში სადგური გაჩერდეს. ენგურჰესის გენერალურმი დირექტორის ლევან მებონიას ინფორმაციით, პრობლემა არასაკმარის წყლის რესურსს უკავშირდება და თუ აფხაზური მხარე ელექტროენერგიის მოხმარებას არ შეამცირებს, ჰესის გაჩერება გარდაუვალია.

იმის გასარკვევად, თუ რა როლს ითამაშებს ენგურჰესი ბირჟაზე, “ენერგონიუსი” საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორს ირინა მილორავას ესაუბრა:

ირინა მილორავას სიტყვებით, გენერაციის ინვესტორების მთავარი შიში ბაზარზე ფასის სწორად და სამართლიანად ფორმირებას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბირჟაზე საბაზრო ფასის ფორმირება მოხდება ევროპულ ბაზრებზე გამოყენებული ფასწარმოქმნის ალგორითმით, არსებობს სხვა ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება დაამახინჯონ საბაზრო ფასი. ასეთი რისკები ძირითადად უკავშირდება ჩვენი ბაზრის მცირე ზომას და ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ელექტროსადგურების არსებობას.

“თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ენგურჰესის და ვარდნილჰესების კასკადის გენერაცია ქვეყნის ჯამური გენერაციის დაახლოებით 35%-ს შეადგენს და ისინი იაფიანი ჰიდროგენერაციის ძირითადი წყაროები არიან, გასაგები გახდება გენერაციის ინვესტორების შიში – ისინი ენგურჰესს განიხილავენ, როგორც საბაზრო ფასებზე ზემოქმედების მნიშვნელოვან ბერკეტს. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევა და განვითარებულმა ქვეყნებმა გამონახეს ამ გამოწვევასთან გამკლავების გზა ბაზრის მონიტორინგის ძლიერი მექანიზმის შექმნის გზით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბაზრების დერეგულირებაზე და კონკურენციის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ამ მოდელში კიდევ უფრო იზრდება და ძლიერდება მარეგულირებელი კომისიის როლი და იგი ახალ ფუნქციას იძენს – მარეგულირებელი კომისია ხდება ის ორგანო, რომელიც უნდა დააკვირდეს ბაზარზე მონაწილეების ქცევას და უზრუნველყოს ბაზარზე სამართლიანი ფასის ჩამოყალიბება, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში, ფინანსური სანქციების გამოყენების გზით  და ეს მიდგომა თანაბრად გავრცელდება ბაზრის ყველა მონაწილეზე. თუმცა, თუ ენგურჰესი ბაზარზე ეკონომიკურად დასაბუთებული განაცხადებით შემოვა და, მისი წარმოების მასშტაბის გათვალისწინებით, შეამცირებს საბაზრო ფასს, ეს შედეგი კონკურენტული ბაზრის სარგებლად უნდა განვიხილოთ,” – განმარტავს ირინა მილორავა.

ნინო სამადაშვილი, energynews.ge