ენერგეტიკა
09/11/2021

აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტს ნოემბრიდან რუსეთი შეუვსებს

აფხაზეთს ელექტროენერგიის დეფიციტს ნოემბრიდან რუსეთი შეუვსებს.

„ბიზნესპარტნიორის“ ინფორმაციით, კვლავ ძალაში რჩება შეთანხმება 60/40-ზე, თუმცა, ვინაიდან, აფხაზეთში გაზრდილი მოხმარების გამო, ეს რაოდენობა საკმარისი არ არის ოკუპირებული რეგიონისთვის, წელს დეფიციტი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით შეივსება. სავარაუდო შეთანხმების მოდელი ასეთია - ნოემბრიდან მარტამდე პერიოდში, როდესაც მოხმარება პიკს აღწევს და ენგური-ვარდნილჰესების გამომუშავება რეგიონისთვის საკმარისი არ არის, რუსეთიდან რეგიონს დაახლოებით 800 მილიონ კილოვატ საათი მიეწოდება.

ინფორმაცია „ბიზნესპარტნიორს“ „ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ დაუდასტურა.

„რამდენადაც ვიცი, წელს ასეთი შეთანხმება თითქმის მიღწეულია. იმპორტი ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ აფხაზურ პრესაში და კერძო საუბრებში ამბობენ, რომ შუა ნოემბრიდან დაწყების იმედი აქვთ. რეგიონი ჯერჯერობით ენგურიდან და ვარდნილიდან მარაგდება, მაგრამ უკვე 15 ნოემბრიდან მარტამდე ეს მოცულობები აფხაზეთს არ ეყოფა. საუბარია დაახლოებით 750-800 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგიის შემოტანაზე. ალბათ ისინიც მუდმივად უფასოდ არ მისცემენ ელექტროენერგიას, თუ შესაბამისი ღონისძიებები არ გატარდა და ფული არ გადაუხადეს,“ - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ ლევან მებონიამ.

შპს „ენგურჰესი“ 2020 წლის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ 2020 წელს შემოსავალი ელექტროენერგიის წარმოებიდან ჯამში უნდა ყოფილიყო 40.92 მლნ ლარი, თუმცა 37 მლნ ლარის ელექტროენერგია უსასყიდლოდ მიეწოდა აფხაზეთის ტერიტორიას.

ანგარიშგებაში ნათქვამია, რომ ენგურჰესის ჯგუფის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოხმარება აფხაზეთის მიერ წლიდან წლამდე იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის ჰესების მომავალ ფუნქციონირებას. მოხმარების პერმანენტული ზრდა მძიმე მდგომარეობაში აყენებს საწარმოს. სიტუაცია ყოველწლიურად უარესდება და კონტროლიდან გამოდის, ზამთარ-გაზაფხულის სეზონზე ენგური და ვარდნილჰესები ვერ უზრუნველყოფენ აფხაზეთისათვის სამყოფი ელექტროენერგიის გამომუშავებას. შპს ენგურჰესმა ჩაატარა ანალიზი აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებული ელექტროენერგიის წლიდან წლამდე ზრდის შესახებ რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ მსგავსი ტენდენციით 2025 წლამდე ჯგუფს არ დარჩება სარეალიზაციოდ იმდენი ელექტროენერგია, რაც საკმარისი იქნება მისი საოპერაციო ხარჯების დასაფარად.

წელს, გაზაფხულზე ენგურჰესის რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს რუსეთიდან 1 მილიარდ 100 მლნ კილოვატ საათი ელექტროენერგიის შემოტანა დასჭირდა, საიდანაც 930 მლნ კვტ საათზე მეტი აფხაზეთის რეგიონს მოხმარდა. თუმცა, ეს მოცულობები რეგიონს რუსეთმა უსასყიდლოდ მიაწოდა და ამაში ქართულ მხარეს არაფერი გადაუხდია.

 

Businesspartner