"ვაქცინის ფართოდ ხელმისაწვდომობის შემთხვევაში გლობალური ეკონომიკა წელს 4%-ით გაიზრდება"
მსოფლიო ბანკი 2021 წელს გლობალური ეკონომიკის 4%-იან ზრდას ელის, თუმცა იმ დაშვებით, თუ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ფართოდ ხელმისაწვდომი გახდება წლის განმავლობაში.
ფინანსური ინსტიტუტის გამოქვეყნებული გლობალური ეკონომიკური პერსპექტივების 2021 წლის იანვრის გამოცემის მიხედვით, ეკონომიკური აღდგენის პროცესი შენელებული იქნება, თუ პოლიტიკის შემმუშავებლები არ მიიღებენ გაცილებით უფრო გადამწყვეტ ზომებს პანდემიის წინააღმდეგ და არ განახორციელებენ რეფორმებს ინვესტიციების გასაზრდელად.
ანგარიშში საუბარია პანდემიით გამოწვეულ სირთულეებზე - უამრავი ადამიანი დაავადდა და გარდაიცვალა, მილიონობით ადამიანი სიღარიბეში აღმოჩნდა, ეკონომიკური საქმიანობა შეიზღუდა და შემოსავლები გახანგრძლივებული პერიოდით შემცირდა. ახლო მომავლისთვის დარგობრივი პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტებია COVID-19-ის გავრცელების კონტროლი და ვაქცინის ფართომასშტაბიანი სწრაფი გამოყენების უზრუნველყოფა.
მსოფლიო ბანკი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ორგანოებმა, ეკონომიკური აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, ასევე უნდა შეუწყონ ხელი რეინვესტირების ციკლს, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფო ვალზე ნაკლებად დამოკიდებული მდგრადი ეკონომიკური ზრდისკენ.
„მაშინ როცა გლობალური ეკონომიკა როგორც ჩანს სუსტი აღდგენის ფაზაში შევიდა, პოლიტიკის შემმუშავებლები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ვალის მართვის, საბიუჯეტო პოლიტიკის, ცენტრალური საბანკო საქმიანობის და სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით, რამდენადაც ისინი ცდილობენ ჯერ კიდევ მყიფე გლობალური აღდგენის პროცესის გაძლიერების და მტკიცე ეკონომიკური ზრდისთვის მყარი საფუძვლის შექმნის უზრუნველყოფას,“ - აღნიშნავს მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტი დევიდ მალპასი.
ის მიიჩნევს, რომ პანდემიის ზემოქმედების დაძლევის და ინვესტიციების ხელისშემშლელ ფაქტორებთან გამკლავების მიზნით საჭიროა აქტიური მოქმედება ბიზნესგარემოს გასაუმჯობესებლად, შრომითი და პროდუქციის ბაზრების მოქნილობის გასაზრდელად და გამჭვირვალობის და მმართველობის გასაძლიერებლად.
შეფასების მიხედვით, საქმიანობის შეწყვეტამ ფორმირების პროცესში მყოფ ბაზრებზე და განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში მოსალოდნელზე გაცილებით მწვავე შედეგები გამოიღო.
როგორც ანგარიშშია მითითებული, ახლო მომავლის პერსპექტივა გაურკვეველი რჩება და კვლავ შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის განსხვავებული შედეგების მიღება. ზრდის ტემპების შემცირების სცენარს, რომელშიც ინფექციები გავრცელებას აგრძელებს და ვაქცინის გამოყენება გაჭიანურებულია, 2021 წელს გლობალური ზრდის 1.6%-ით შემოფარგვლა შეუძლია, ხოლო ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში, პანდემიის წარმატებული კონტროლით და ვაქცინაციის გაცილებით სწრაფი პროცესით, გლობალური ზრდა შეიძლება დაახლოებით 5%-ით დაჩქარდეს.