ცირკულარული ეკონომიკა როგორც პრიორიტეტი
როგორც არაერთხელ აღინიშნა, მოდელი უნარჩენო ტექნოლოგიების გამოყენებას გულისხმობს და მისი არსი, ნედლეულის გამოყენებაზე ზეწოლის შემცირებაა. მას აღიარებენ როგორც მწვანე ეკონომიკის, ბუნებასთან მეგობრული დამოკიდებულების მოდელს.
„ცირკულარული ეკონომიკა აცნობიერებს, რომ ბუნებრივი რესურსები უსასრულო არ არის და მიზნად ისახავს პროდუქციის მასალების რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნებას მიმოქცევაში ხელახალი გამოყენების, შეკეთების, ხელახალი წარმოების, გაზიარების და გადამუშავების გზით. მიუხედავად იმისა, რომ წრიული ეკონომიკის კონცეფცია ძირითადად ორიენტირებულია ახალი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის განვითარებაზე, იგი ასევე მოიცავს ნარჩენების „დიზაინის შემუშავების" კონცეფციას, არაგანახლებადი მასალების განახლებადი მასალებით ჩანაცვლებას და ბუნებრივი სისტემების აღდგენას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
სოლომონ პავლიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ონლაინ შეხვედრაში „ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა - დასაქმების ტენდენციები და სამომავლო ხედვები“.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცირკულარული ეკონომიკა მნიშვნელოვნად შეცვლის სამუშაო ბაზრებს, შესაბამისად, შეხვედრაზე განხილვის საგანი უნარ-ჩვევები და ცირკულარული ეკონომიკის შრომით საქმიანობაც იყო.
შეხვედრა მსოფლიო ცირკულარული ეკონომიკის ფორუმის (WCEF) ფარგლებში, ფინეთის ინოვაციების ფონდის Sitra და მდგრადი განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISD) ორგანიზებით გაიმართა.