ეკონომიკა
03/06/2021

შეგვიძლია თუ არა ინფლაციის მოთოკვა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით - ეკონომისტის შეფასება

ინფლაციის 7.7%-იანი მაჩვენებლის გამო ეკონომისტების ნაწილი ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას არ ურჩევს. PMC კვლევითი ცენტრის ეკონომისტი, მიხეილ კუკავა „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდამ ისედაც შენელებული ეკონომიკის კიდევ უფრო შენელება შეიძლება გამოიწვიოს.

„ინფლაცია ნამდვილად არ არის მოსათმენი. უკვე დაფიქრების საფუძველს აძლევს როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე მთავრობას. ვხედავთ, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე ეკონომიკის ზრდა ისედაც შეფერხებულია, ამდენად, ინფლაციის მოსათოკად კიდევ უფრო გამკაცრება, ალბათ, ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად დააზარალებს, ვიდრე ინფლაცია დაგვაზარალებს“,- აღნიშნავს კუკავა.

ეკონომისტის განცხადებით, პრობლემაა ინფლაციის გაზომვის მეთოდოლოგიაც. თუმცა, თუ ინფლაციის 7.7%-იანი მაჩვენებელი რეალურია, ის ეროვნული ბანკისა და მთავრობისთვის სერიოზული დაფიქრების საფუძველი უნდა გახდეს.

"ინფლაციის გაზომვა არის რთული და კომპლექსური საქმე, რასაც თავს ვერ ვართმევთ. ფასებზე დაკვირვებაში მეთოდოლოგიური პრობლემები გვაქვს. არ გვაქვს გადამოწმების ალტერნატიული წყარო. ფასებზე პირველადი დაკვირვების ფუნქცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქმეა. ამდენად, ამ მეთოდოლოგიური პრობლემების გამო ყოველთვის კითხვებს ბადებს ინფლაცია. თუმცა, თუ ის არის 7.7%-იან ნიშნულზე, მაშინ რა თქმა უნდა, უნდა გვქონდეს ხედვა, თუ როგორ მოვთოკავთ მას. ეს ეკონომიკისთვის სერიოზული პრობლემაა. ეროვნული ბანკის უმთავრესი ფუნქცია სწორედ ფასების სტაბიულურობის შენარჩუნებაა. თუმცა, სანამ ნაბიჯს გადავდგამთ, აუცილებლად უნდა დავრწუმნდეთ, ამ ინფლაციის ნიშნულის სანდოობაში. ასევე კარგად უნდა დავფიქრდეთ, ინფლაციის მოთოკვა ხომ არ იქნება ის ღონისძიება, რაც უფრო მეტ უარყოფით შედეგებთან მიგვიყვანს. შეიძლება მოვთოკოთ ინფლაცია, თუმცა ამან გამოიწვიოს ისეთი შედეგები, რის გამოსწორებასაც მეტი რესურსი დასჭირდება“,- ამბობს ეკონომისტი.

მიხეილ კუკავას თქმით, ქვეყანა უახლოეს მომავალში ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს ვერ დაუბრუნდება.

„ეს მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს, პოსტ პანდემიურ პერიოდში, როდესაც დაგუბებული მოთხოვნის რეალიზება დაიწყო. თუმცა დაგუბებული მოთხოვნის რეალიზების ნაწილი საგანგაშო არ არის. ის ბუნებრივია და ბუნებრივად გაზრდის ინლაციასაც, თუმცა ეს ეროვნული ბანკის მხრიდან არ უნდა იყოს საპასუხო ნაბიჯების საფუძველი. ამას სჭირდება კარგი გამიჯვნა და ანალიზი“,- განაცხადა კუკავამ.