სებ: 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 6.5%-ის ფარგლებში იქნება
საქართველოს ეროვნული ბანკი 2021 წელს ინფლაციის საშუალოდ 6.5%-ის ფარგლებში ელის, მის მიზნობრივ მაჩვენებლამდე ჩამოსვლას კი საბაზისო სცენარით ამის შემდეგ ვარაუდობს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ინფალციის არსებული მაჩვენებელი შეაფასა და აღნიშნა, რომ მარტიდან კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდიის შემცირებამ ინფლაციის მაჩვენებლის გაზრდა გამოიწვია.
"მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.2% შეადგინა. გასული წლის დეკემბრიდან ინფლაციის მაჩვენებელი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ შეამცირა. მარტიდან სუბსიდიის დასრულება ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით აისახა. ნიშანდობლივია, რომ ამ სუბსიდიის საბაზო ეფექტი წლიური ინფლაციის მაჩვენებელს 2021 წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალშიც მნიშვნელოვნად გაზრდის. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომის შემდეგ შეცვლილი გარემოებების გათვალისწინებით, განახლებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 6.5%-ის ფარგლებში იქნება და შემდეგ მიზნობრივ მაჩვენებელს ეტაპობრივად დაუახლოვდება. ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კი, საბაზო სცენარში დაახლოებით 4%-ია.
ინფლაციის დინამიკაზე ნარჩუნდება საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასების ზრდისგან მომდინარე წნეხი, რომელიც ნავთობპროდუქტებისა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფებზე ფასების ზრდაში ისახება. ამასთან, ჯერ კიდევ დაბალი გამოშვების ფონზე, პროდუქციაზე საშუალო დანახარჯები კვლავ მაღალია, რაც ინფლაციაზე დამატებით აღმავალ ზეწოლას განაპირობებს.
კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა, რომ სავაჭრო პარტნიორ ეკონომიკებში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები, გარკვეულწილად, ადგილობრივ სავალუტო ბაზარსაც გადმოეცემა. ეს უკანასკნელი კი, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ფასების ზრდაზე კიდევ უფრო მეტ წნეხს აჩენს. ამასთან, საქართველოში და გლობალურადაც ტურიზმის ინდუსტრიის პერსპექტივებთან დაკავშირებით მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ფონზე, ფისკალური დეფიციტი კვლავ მაღალია, რაც ადგილობრივ მოთხოვნას ასტიმულირებს. რაც შეეხება დაკრედიტებას, მიუხედავად ბოლოდროინდელი შენელებისა, საფინანსო სექტორის ლიკვიდობის ადეკვატური ბუფერების შენარჩუნების შედეგად, ის ზომიერ ზრდას განაგრძობს. ჯამურად, შიდა მოთხოვნის ზრდა იმპორტის წამახალისებელია. ინფლაციის მიზნობრივ ნიშნულზე მაღლა ხანგრძლივად შენარჩუნებისა და მასზე გაძლიერებული წნეხის გათვალისწინებით, კომიტეტმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 1 პროცენტული პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის შესაძლო შემდგომი გამკაცრება ინფლაციის მოლოდინებსა და მასზე მოქმედი ფაქტორების დინამიკაზე იქნება დამოკიდებული", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
შეგახსენებთ, რომ სებ-მა მონეტარული პოლიტიკა 1%-ული პუნქტით 9.5%-მდე გაამკაცრა.