საზღვაო ტრანსპორტი, ნავსადგურების ფუნქციები - რას გულისხმობს კანონპროექტი
ნაოსნობასთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა. ცვლილებას "საქართველოს საზღვაო კოდექსი" ითვალისწინებს.
დღესდღეობით შავ ზღვაზე საქართველოს უმნიშვნელოვანესი ნავსადგურებია: ბათუმის, ფოთის, სუფსის და ყულევის. საქართველო საზღვაო ქვეყანაა და აღნიშნული უდიდეს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ უპირატესობას ანიჭებს მას.
როგორც კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საქართველოს ნავსადგურების ფუნქციების გაზრდა და მათი გადაქცევა ლოგისტიკურ ცენტრებად, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის და კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, ტრანზიტული ტვირთების მომსახურების მიმართულებით.
"აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნავსადგურები აქტიურ როლს ასრულებენ საქართველოს საზღვაო გადაზიდვებში და საზღვაო სავაჭრო კავშირის განვითარებაში მსოფლიოს ქვეყნებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ერთ ნავსადგურში შესაძლოა არსებობდეს/ფუნქციონირებდეს რამდენიმე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სანავსადგურე ერთეული.
სანავსადგურე ერთეულებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ხელშესაწყობად, აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან არსებობდეს ობიექტური, დაბალანსებული და გამჭვირვალე მიდგომა კერძო საკუთრებაში არსებულ სანავსადგურე ერთეულებთან მიმართებაში", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
კანონპროექტის ძირითადი არსია, განისაზღვროს სანავსადგურე ერთეულების უფლება-მოვალეობები ნავსადგურის შესასვლელ არხთან მიმართებაში და სააგენტოს
უფლებამოსილება.
წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, სანავსადგურე ერთეული პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ნავსადგურებში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველსაყოფად, ნავსადგურების შესასვლელი არხის შესაბამისი დაღრმავებითი სამუშაოების, მოვლა პატრონობისა და ნავსადგურების ღიაობის უზრუნველყოფაზე.
ნავსადგურში ერთზე მეტი სანავსადგურე ერთეულის არსებობის შემთხვევაში შესასვლელ არხზე სანავსადგურე ერთეულებს ექნებათ თანაბარი უფლება და წვდომა.
ასევე, დადგინდება ვალდებულებები სანავსადგურე ერთეულების მიმართ, კერძოდ, არც ერთ სანავსადგურე ერთეულს არ ექნება უფლება მეორე სანავსადგურე ერთეულში შემსვლელ და გამსვლელ გემებს, დაუწესოს შემოსასვლელი არხით სარგებლობის საზღვაური ან რაიმე სხვა სანავსადგურე საზღაური.
საერთო შესასვლელ არხში / შესასვლელი არხის საერთო ნაწილში საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებისათვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ სანავსადგურე ერთეულებს.
საერთო შესასვლელი არხის / შესასვლელი არხის საერთო ნაწილის ფსკერდაღრმავებითი სამუშაოების ხარჯი უნდა განაწილდეს სანავსადგურე ერთეულებს შორის, თითოეულ სანავსადგურე ერთეულში, საანგარიშო პერიოდში შესული გემების წყალწყვის ჯამური მაჩვენებლის პროპორციულად. ხარჯის განაწილების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება სამხედრო და სახელმწიფო ან სხვა არაკომერციული დანიშნულების გემები, არასატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი გემები, მათ შორის ნავსადგურის ფლოტი და ფსკერდაღრმავებითი სამუშაოებისათვის განკუთვნილი გემები.
კანონპროექტით გათვალისწინებულია სააგენტოსთვის უფლებამოსილების მინიჭება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, განახორციელოს არხის დაღრმავების სამუშაოები და უზრუნველყოს არხის სიღრმეების შენარჩუნება. ასეთ შემთხვევაში ნავსადგურის შესასვლელი არხის გამოყენების საფასური განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით.
სააგენტო არ იქნება პასუხისმგებელი სანავსადგურე ერთეულების საკუთრებაში ან/და მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურაზე გაწეულ ნებისმიერ ხარჯზე. აღნიშნულ შემთხვევაში სააგენტო თავის უფლებამოსიელებას განახორციელებს დამოუკიდებლად ან მესამე პირის მეშვეობით, ამასთან, სააგენტოს არ ექნება უფლება აღნიშნული ფუნქციის განხორციელება გადასცეს სანავსადგურე ერთეულს ან მის ურთიერთდამოკიდებულ პირს.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, გოჩა ენუქიძე, ლევან მგალობლიშვილი.