"სამთავრობო ინიციატივებში, RIA-ს გამოყენების კუთხით, 2023 წლიდან პროგრესი ცალსახაა"
„2023 წლიდან ჩვენი უწყების მიერ, არცერთ კანონში არ განხორციელებულა ცვლილება ისე, რომ შესაბამისი RIA ანგარიში არ მოგვემზადებინა.“ - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ.
როგორც სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკისა და რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს უფროსმა თეა ლოლაძემ აღნიშნა, სამთავრობო ინიციატივებში RIA-ს გამოყენების კუთხით 2023 წლიდან პროგრესი ცალსახაა.
„რეგულირების გავლენის შეფასება სავალდებულო 2020 წლიდან გახდა. პანდემიის პერიოდში კი ხშირი იყო შემთხვევა, როცა გარკვეული ინიციატივის მიღება დაჩქარებული წესით ხდებოდა არსებული საჭიროებიდან გამომდინარე და შესაბამისად, არ იყო იმის შესაძლებლობა, რომ RIA ანგარიშები მომზადებულიყო.“-აღნიშნა თეა ლოლაძემ.
მისივე განმარტებით, ამ კუთხით ვითარება გაუმჯობესებულია და მხოლოდ წელს უკვე სამ კანონპროექტზე მომზადდა რეგულირების გავლენის შეფასების შესაბამისი ანგარიში და წლის ბოლომდე კიდევ ორ კანონპროექტთან დაკავშირებით მომზადდება.
„გამოწვევები დაკავშირებული იყო ადამიანური რესურსების დეფიციტთან და მათი ცნობიერების ამაღლების საჭიროებასთან. ჩვენ ყოველწლიურად ვახდენთ საჯარო მოხელეების დატრენინგებას და ამ მხრივ პროგრესი სახეზეა.“-აღნიშნა თეა ლოლაძემ.
ცნობისთვის, 2020 წლის 17 იანვარს მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის რეგულირების ზეგავლენის დოკუმენტი უნდა მომზადდეს. თუმცა ეს ცვლილება არ ეხება კანონებს, რომლებიც მხოლოდ ტექნიკურ ცვლილებებს წარმოადგენენ.