საქსტატი: საქართველოს ეკონომიკა ₾19 მლრდ-მდე გაიზარდა
2023 წლის მე-2 კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 19.280 მლრდ ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება კი 2023 წლის მე-2 კვარტალში 2 პროცენტით განისაზღვრა,-ინფორმაციას "საქსტატი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წლის მეორე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.6 პროცენტი), მშენებლობა (22.7 პროცენტი), განათლება (19.6 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (20.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (11.1 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.8 პროცენტი), ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (42.8 პროცენტი).
ხოლო კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-7.1 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (-2.8 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-7.0 პროცენტი).