საქართველოში ელკომერციის ბაზრის მოცულობა 2022 წლისთვის ₾2.2 მილიარდს გადააჭარბებს
Digital Ecosystem Digest კვლევის მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში ელექტრონული კომერციის ბაზრის მოცულობა 2022 წლისთვის 2.2 მილიარდ ლარიან ნიშნულს ასცდება, რაც წინა წელთან შედარებით 7.8%-იანი ზრდაა.
ივარაუდება, რომ 18.9%-იანი საშუალო წლიური ზრდით, 2025 წლისთვის, ბაზარი 3.6 მილიარდ ლარს მიაღწევს.
ელექტრონული კომერციის ბაზრის შემოსავლების ნახევარზე მეტი ელექტრონიკაზე და მოდის ინდუსტრიაზე მოდის, შესაბამისად 25.9% და 25.7%-ით. შემდეგ მოდის თავის მოვლა და ჯანმრთელობა 11.5%-ით, ავეჯი 9.7%, სასმელი 8.7%, საკვები 8.4%, სათამაშოები & სპორტი 8.3%, წიგნები და მულტიმედია 1.7%.
2025 წლისთვის, ივარაუდება თითოეული პროდუქტის ჯგუფისთვის მნიშვნელოვანი ზრდა, თუმცა მთლიანი სტრუქტურა მეტწილად უცვლელი დარჩება.
ელექტრონიკის და მოდის ინდუსტრიები, მიუხედავად უკვე არსებული მაღალი ბაზრის წილისა ელექტრონულ კომერციაში, მომდევნო წლებშიც გააგრძელებენ გაფართოებას მაღალი ტემპით. ჩამოთვლილი კატეგორიებიდან, ყველაზე სწრაფი ზრდა მოსალოდნელია საკვების მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ BTU-ს მეწარმეობისა და კვლევების ცენტრების ინიციატივით ყოველთვიური ელექტრონული კვლევითი ანგარიში Digital Ecosystem Digest გამოიცემა.
ანგარიში მიმოიხილავს მიმდინარე ტექნოლოგიურ და ინოვაციურ ტენდენციებს საქართველოს ციფრული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში და ფარავს ისეთ თემებს, როგორიცაა სტარტაპები ციფრულ ბიზნესში, ელექტრონული კომერციის ბაზრები, ციფრული პლატფორმები (B2B, B2C ან C2C), ფინტექ ტექნოლოგიები და ა.შ.
კვლევის მიზანი, როგორც არსებული ინფორმაციის კონსოლიდაცია, ასევე ახალი პრაქტიკული ცოდნის გენერირებაა ციფრული ეკონომიკის შესახებ.