საქართველოს საჰაერო სივრცეში საერთაშორისო ფრენები 76%-ით გაიზარდა
ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით საერთაშორისო კომერციული ფრენები 76%-ით გაიზარდა. ევროკონტროლის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც უკრაინის, რუსეთისა და ბელარუსის საზღვრების გავლით ფრენები მნიშვნელოვნად შეფერხდა, საჰაერო ტრანსპორტის ნაკადებმა მარშრუტები შეცვალეს.
14 თებერვალი-14 მარტის მონაცემებით, გერმანიასა და ჩინეთს შორის ფრენები 10%-ით გაიზარდა. ევროკონტროლის განმარტებით, ევროპელი გადამზიდავები ფრენებს სამხრეთის მარშრუტებით - მაგალითად, საქართველოს გავლით ასრულებენ, ხოლო არაევროპული ავიაკომპანიები, რომლებიც კვლავ იყენებენ რუსეთის საჰაერო სივრცეს, ფრენას აგრძელებენ ჩრდილოეთით და ბალტიისპირეთის ქვეყნების სივრცეებს არ იყენებენ. შედეგად, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მნიშვნელოვანი საჰაერო ნაკადები დაკარგეს. მაგალითად, ლიეტუვა დღეში დაახლოებით 200 გადაფრენას (-46%) კარგავს. შემცირების მიზეზი ისიც არის, რომ გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან რუსეთის მიმართულებით საჰაერო სატრანსპორტო ნაკადები შეჩერებულია.
გრძელდება ფრენები თურქეთსა და რუსეთს შორის თუმცა, შემცირება ამ მარშრუტზე დაახლოებით 30%-ია.