ეკონომიკა
23/07/2021

საქართველოს საგარეო ვალი ივნისში $22 მლნ-ით შემცირდა

პანდემიის პერიოდში, საგარეო ვალის მკვეთრი ზრდის ფონზე, ივნისი ის იშვიათი გამონაკლისი აღმოჩნდა, როდესაც საგარეო ვალდებულებებმა კლება დაიწყო.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო მონაცემებით (2021 წლის 1 ივლისი) საქართველოს საგარეო ვალი $8.016 მლრდ-ს აღემატება, მაჩვენებელი 22 მლნ-ით ნაკლებია, მაისის მონაცემთან ($8.036 მლრდ) შედარებით.

წლიურ ჭრილში რა თქმა უნდა, საგარეო ვალის ზრდის ტენდენცია გრძელდება და მაჩვენებელი $1.874 მლრდ-ით არის გაზრდილი, თუმცა აღსანშნავია, რომ ზრდის ტრენდი ამ შემთხვევაშიც შენელებულია.

აღსანიშნავია ისიც, რომ საგარეო ვალი კიდევ უფრო სოლიდურად არის შემცირებული ეროვნულ ვალუტაში. ივნისში კი მაისთან შედარებით საგარეო ვალი ლარში 1.015 მლრდ ლარით არის შემცირებული ₾25.334 მლრდ-მდე.  

საგარეო ვალის ზრდა პანდემიით გამოწვეულ პრობლემებს უკავშირდება. დაზარალებული ეკონომიკის მხარდაჭერის მიზნით, ქვეყანამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან სოლიდური ფინანსური რესურსი მოიზიდა.

2021 წელი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც რომ მარტში მთავრობამ დაფარა 2011 წელს $500 მლნ-ის ევრობონდები და ახალი 500 მლნ დოლარის ევრობონდები გამოუშვა, კუპონის განაკვეთი 2,75%-ია. 2011 წელს გამოშვებულ ევრობონდებზე კი საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6.875%-ს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ევრობონდებზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით ქვეყნის ბიუჯეტი 350 მლნ ლარს დაზოგავს.

ქვეყანას საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალდებულებები აქვს.

 

Businesspartner