ეკონომიკა
22/06/2023

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" პირველ საკონსულტაციო ცენტრს ზუგდიდში გახსნის

სააგენტო "აწარმოე საქართველოში"  ფილიალებს რეგიონებშიც გახსნის. პირველი საკონსულტაციო ცენტრი სამეგრელოში, ზუგდიდში გაიხსნება.
 
როგორც სააგენტოში აცხადებენ, ადგილზე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები საკონსულტაციო და საინფორმაციო მომსახურებას მიიღებენ და ასევე, მათზე მორგებულ სემინარებზე, ტრენინგებსა და სხვა სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიღებასაც შეძლებენ.
 
საკონსულტაციო ცენტრები ქოვორქინგ სივრცის ფუნქციასაც შეითავზებს, შესაბამისად ბენეფიციარები შეხვედრების ოთახებით, ინტერნეტითა და საჭირო ტექნიკით სარგებლობასაც შეძლებენ.
 
ახალი სივრცე ზუგდიდში სრულმასშტაბიან ოპერირებას სექტემბრიდან დაიწყებს. ოფისი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სრულად დაფარავს.
 
„საკონსულტაციო ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მეწარმეების ადგილობრივ დონეზე დამხარება და მათი დიაგნოსტირება იქნება - თუ რა სჭირდება ბიზნესს სხვადასხვა კუთხით - იქნება ეს მარკეტინგი, ფინანსური მართვა, საგადასახადო თუ სხვა. შესაბამისად, ამ პროექტის ფარგლებში, მეწარმეებს აღარ დასჭირდებათ ჩავიდნენ დედაქალაქში, არამედ თავიანთივე რეგიონში ექნებათ "აწარმოე საქართველოში"-ს საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც ბრიტანულ მოდელზე დაყრდნობით, მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ბიზნესის წარმომადგენლებს გახდნენ, რაც შეიძლება უფრო მეტად განვითარებულები“, - განაცხადა სააგენტოს  "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელმა, მიხეილ ხიდურელმა.
 
ცნობისთვის, პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და გეგმაში, მომავალი წლის ბოლოსთვის, საქართველოს ყველა რეგიონის დაფარვაა.
 
ზუგდიდის შემდეგ, მიმდინარე წელს სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრები ბათუმსა და თელავში უნდა გაიხსნას, ხოლო მომდევნო წლებში ქვეყნის მასშტაბით ყველა რეგიონში.