რისკები საქართველოს სატრანზიტო პოტენციალისთვის - ყარაბაღის შეთანხმების კითხვის ნიშნები
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ იმ კითხვის ნიშნებზე ისაუბრა, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ სატრანზიტო კორიდორთან მიმართებით გააჩინა.
„საუბარი არის იმაზე, რომ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი შეიძლება შემცირდეს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ 10 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ყველაზე ბუნდოვნად ჩამოყალიბებული სწორედ ის მუხლია, რომელიც ტრანზიტული კორიდორის გაჭრას ეხება. ამ მუხლის პრაქტიკაში განხორციელება, სავარაუდოდ, აზრთა სხვადასხვაობას და დავას გამოიწვევს. ეს ფილმი ჯერ არ დასრულებულა და შემდეგ სერიებში სომხების მიერ საკუთარი ინტერპრეტაციით გააზრებულ ნორმებსაც უნდა ველოდოთ.
რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ და რამდენად შეუძლია ქვეყანას, გახდეს დიდი კორპორაციების ინტერესის საგანი, რომლებიც ტოვებენ ჩინეთში წარმოების შესაძლებლობებს და გადმოდიან ევროპისკენ, ვიქტორ ყიფიანი განმარტავს, რომ ჩვენი ეკონომიკის მასშტაბიდან და მუშახელის სიმცირიდან გამომდინარე, გლობალური კორპორატიული სამყაროს შთანთქვას ვერ შევძლებთ და უმჯობესი იქნება, თუ გეოგრაფიულ კლასტერში გავერთიანდეთ.
„ალბათ, ჩვენ, უპირველესად, ასეთი რეგიონალური განვითარება უნდა ვეძებოთ, სხვაგვარად, ქართული ეკონომიკის, როგორც განცალკევებული ერთეულის დასმა მსოფლიო გლობალურ რუკაზე, ეს ჩვენი მოსახლეობის მოტყუება იქნება. რომ არ ყოფილიყო რამდენიმე გეოგრაფიის კოოპერაცია, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის პროექტებსაც ვერ განვახორციელებდით და როცა ამხელა თამაშში შევდივართ, ამას მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ განვახორციელებთ,“ - აცხადებს „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე.