რატომ ასუბსიდირებს რთველს მთავრობა - გიორგი კაკაურიძის განმარტება
ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე განმარტავს, რატომ მიიღო მთავრობამ 2021 წელს რთველის დასუბსიდირების გადაწყვეტილება.
მისი თქმით, ღვინო ტურიზმთან მჭიდრო კავშირშია, 2020 წელს პანდემიიდან გამომდინარე კი, ღვინის რეალიზაცია შემცირდა, მსოფლიო ბაზარზე პროდუქტი მნიშვნელოვნად გაიაფდა. მთავრობას, რთველის სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, კახეთში ფერმერები მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ.
“რთველთან მიმართებაში ისტორიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ დაახლოებით 2016 წლამდე საკმაოდ დიდი მოცულობით ხდებოდა დაფინანსება, 2017 წლიდან დაიწყო დაფინანსების შემცირება და 2019 წელს ბიუჯეტიდან საერთოდ აღარ დაგვიფინანსებია. თუმცა, 2020 წელს სამწუხაროდ მოხდა პანდემია. რა შედეგები მოიტანა ამან - არა მხოლოდ საქართველოში, ზოგადად მსოფლიოში ყურძნის და ღვინის ფასი განახევრდა, რადგან ეს არის ტურიზმთან ძალიან მჭიდრო კავშირში მყოფი პროდუქტი. ამ შემთხვევაში ამ პროდუქტის რეალიზება იყო მინიმალური. შესაბამისად მოხდა ღვინის ძალიან მნიშვნელოვანი გაიაფება მსოფლიო ბაზარზე, რასაც ვერ ვიტყვით იგივე კარტოფილზე, მანდარინზე და სხვა პროდუქტებზე. ასეთი დიდი დარტყმა სხვა პროდუქტს არ მიუღია. მათ შორის თხილის ფასი, ზოგიერთ შემთხვევაში გაზრდილიც კი იყო. შესაბამისად, რთველი დადგა იმ რისკის წინაშე, რომ თუ სახელმწიფო არ ჩაერეოდა ამაში, მოხდებოდა ფერმერების ძალიან დიდი რაოდენობის ისეთ მდგომარეობამდე მისვლა, რომელიც შეიძლება სოციალურ პროგრამაშიც გადასულიყო“,- აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე დარწმუნებულია, რომ 2022 წლიდან რთველის სუბსიდირება შემცირდება, მომდევნო წლებში კი, ეს პროექტი საერთოდ აღარ იმოქმედებს.
“გეთანხმებით, სუბსიდირება სწორი პოლიტიკა არ არის, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ეს სიტუაცია დადგა, მოგვიწია კვლავ დავდგომოდით იმ სქემას, რომელიც სამწუხაროდ არსებობდა.
დღეს ისე უნდა დაიგეგმოს ეს ღონისძიებები, რომ მომდევნო წელს მინიმუმამდე შემცირდეს და შემდეგ საერთოდ გამოვიდეთ ამ პროგრამიდან“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ ოპოზიციონერი დეპუტატის ალექსანდრე რაქვიაშვილის კითხვის საპასუხოდ.
ინფორმაციისთვის, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რთველის სუბსიდირებისთვის 100 მლნ ლარი გამოიყოფა.
პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.