ეკონომიკა
17/11/2020

რას გვმატებს და რას გვაკლებს - რატომ ვითვლით საარსებო მინიმუმს

ეკონომისტები საარსებო მინიმუმის დათვლის საჭიროებას ვერ ხედავენ. მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მისი ცვლილება სოციალური პაკეტების გადახედვას არ ითვალისწინებს.

ეკონომისტების ნაწილი განმარტავს, რომ ამ სტატისტიკის წარმოებას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუკი მთავრობა სოციალურ, საპენსიო და სხვა სახის ფინანსურ დახმარებებს ამ მონაცემის მიხედვით შეცვლის. 

"საარსებო მინიმუმის გაზრდა ავტომატურად არ ნიშნავს სხვადასხვა შემწობისა თუ დახმარების მაჩვენებლების გაზრდას. თუ ამ პარამეტრს ვანგარიშობთ ის უნდა გამოვიყენოთ სრულფასოვნად და ნაწილობრივ გამოყენებას ეფექტი არ აქვს; თუ არადა არსებობს მრავალი ქვეყანა, განსაკუთრებით დასავლეთში, სადაც ამ მაჩვენებელს არ ითვლიან და ამის გამო არც არაფერი დაუკარგავთ მათ. არსებობს სხვა ალტერნატიული და მომიჯნავე კვლევები, რომლებიც ასე თუ ისე ავლენენ რამდენია საარსებო მინიმუმის შინაარსის მქონე პარამეტრები", - ამბობს თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელი ვახტანგ ჭარაია.

საქსტატის მონაცემებით, ოქტომბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 166,3 ლარი შეადგინა. საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი კი 314,9 ლარი.

აღსანიშნავია, რომ საარსებო მინიმუმის გამოთვლის საერთაშორისო მეთოდოლოგია არ არსებობს და მას მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე, ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყანა ითვლის. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში არაერთხელ გაჟერდა საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდოლოგიის ცვლილების ან მისი საერთოდ გაუქმების შესახებ, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით ნაბიჯი არ გადადგმულა.