ეკონომიკა
23/02/2021

PMC: ექსპერტთა 60% მიიჩნევს, მთავრობის დაწესებული COVID-რეგულაციები "ზედმეტად მკაცრი" იყო

ექსპერტთა 60% მიიჩნევს, რომ 28 ნოემბერს მთავრობის მიღებული ზომები "ზედმეტად მკაცრი" იყო, - ასეთია PMC კვლევითმა ცენტრის გამოკითხვის შედეგები, რომლის შესწავლის მიზანი  COVID-19-ის გავლენა იყო საქართველოს ეკონომიკაზე.

აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა 6.7% მთავრობის მიღებულ გადაწყვეტილებებს ”არასაკმარისად მკაცრს” უწოდებს, 26.7% კი მთავრობის გატარებულ ზომებს ”ადეკვატურად” აფასებს. 6,7% -ს არ ჰქონდა მოსაზრება დასმულ კითხვაზე.

გამოკითხულ ეკონომისტთა 26.7%-მა აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ დაწესებული ფისკალური სტიმულირების პაკეტი საკმარისია, 33.3%-ს მიაჩნია, რომ ფისკალური დახმარების პაკეტი საკმარისი არ იყო. 20% მიიჩნევს, რომ დაწესებული ფისკალური სტიმულირების პაკეტი საჭიროზე მეტი იყო. 20%-ის აზრით, ფისკალური სტიმულირების მხრივ მომავალში კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს.

რაც შეეხება მთავრობის სხვადასხვა ეკონომიკურ ანტიკრიზისულ რეგულაციებს, ექსპერტთა ყველაზე მაღალი წილი (60%) ეთანხმება მთავრობის გადაწყვეტილებას, დაეხმაროს მათ, ვინც პანდემიის დროს დაკარგა სამუშაო (200 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში) და მათ, ვინც დასაქმებულია დაწესებულებებში, რომელთა საქმიანობა შეჩერებულია (300 ლარი).

ექსპერტთა ყველაზე მაღალი წილი (26,6%) არ ეთანხმება გადაწყვეტილებას საშემოსავლო გადასახადის გაუქმების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ კოვიდით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე, მთავრობამ 28 ნოემბერს რეგულაციები აამოქმედა, რომელთა ნაწილი ამ დრომდე ჯერ კიდევ ძალაში რჩება, მათ შორის რესტორნების შიდა სივრცეები დახურულია, ზამთრის კურორტები არ გახსნილა, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა ისევ შეზღუდულია, სწავლა არ განახლებულა უმაღლეს სასწავლებლებსა და ბაღებში.