ეკონომიკა
22/07/2021

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. 

2021 წლის ბიუჯეტი 1.114 მლნ ლარით გაიზარდა და ასიგნებები ჯამურად 19 498.8 მლნ ლარს შეადგენს. 

2021 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თავდაპირველი 4.3%-დან იზრდება 7.7%-მდე. ასევე იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორი 3.8%-დან 7.5%-მდე.

2021 წლისთვის განახლებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი შეადგენს 57.2 მლრდ ლარს, ნაცვლად გასული წლის დეკემბრის პროგნოზით არსებული 53,4 მლრდ ლარისა.

ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი იზრდება 1 174.9 მლნ ლარით და შეადგენს 17 933.1 მლნ ლარს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები განისაზღვრა 6 093,0 მლნ ლარით, რაც თავდაპირველ დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია 600 მლნ ლარით.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები 2021 წლისთავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 36.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 642.8 მლნ ლარის ოდენობით.

მათ შორის ეკონომიკის ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებულია:

„მეწარმეობის განვითარება“ პროგრამის ასიგნება იზრდება 55.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 357.2 მლნ ლარის ოდენობით;

„ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ პროგრამის ასიგნება იზრდება 10.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 17.7 მლნ ლარის ოდენობით, რაც დაკავშირებულია ტურისტულიმარკეტინგის ღონისძიებების დაფინანსებით;

მცირდება საკარანტინე მომსახურების ხარჯები 29 მლნ ლარით.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 177.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 628.6 მლნ ლარის ოდენობით.

მათ შორის გათვალისწინებულია:

„ერთიანი აგროპროექტი“ პროგრამის დაფინანსების ზრდა 74.0 მლნ ლარით (განისაზღვრება 280.7 მლნ ლარის ოდენობით). პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების, აგროდაზღვევისა და შეღავათიანი აგროკრედიტების დაფინანსების გაზრდა;

2021 წლის რთველის სუბსიდირებისთვის გამოიყოფა 100 მლნ ლარი;

სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს რიცხვონობა იზრდება 35 საშტატო ერთეულით.

განათლების და მეცნიერების მიმართულების დაფინანსება იზრდება 40.0 მლნ ლარით, რაც გამოწვეულია COVID-19 თან დაკავშირებით დისტანციური სწავლების და პირადი დაცვის საშუალებების შესყიდვის, მოსწავლეთათვის კომპიუტერების შესყიდვის, ახლად დასრულებული სკოლების აღჭურვის, მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველსაყოფის და სახელმძღვანელოების ბეჭდვის ხარჯებში არსებული დამატებითი საჭირობებით.

კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებით დაფინანსება იზრდება 31.0 მლნ ლარით.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 90.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 2 456.6 მლნ ლარის ოდენობით. დამატებითი თანხები გათვალისწინებულია სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები“ დასაფინანსებლად.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 30.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 930.0 მლნ ლარის ოდენობით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ასიგნებები 2021 წლის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით იზრდება 60.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 296.5 მლნ ლარის ოდენობით, რაც გამოწვეულია საერთაშორისო არბიტრაჟებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის ხარჯების დაფინანსების ზრდით.